ემანუელ მაკრონი - სიტყვა „გენოციდი“ უნდა იყოს განსაზღვრული იურისტების და არა პოლიტიკოსების მიერ
ემანუელ მაკრონი - სიტყვა „გენოციდი“ უნდა იყოს განსაზღვრული იურისტების და არა პოლიტიკოსების მიერ

სიტყვა „გენოციდი“ იურისტების მიერ უნდა იყოს განსაზღვრული და არა პოლიტიკოსების მიერ, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა France Bleu-თან ინტერვიუში განაცხადა.

ემანუელ მაკრონის თქმით, უკრაინაში რუსეთის ქმედებების აღსაწერად სიტყვა „გენოციდის“ გამოყენება იქნება ესკალაცია, რაც გაართულებს სამშვიდობო შეთანხმებისკენ მიმართულ ძალისხმევას.

„სიტყვებს აქვს მნიშვნელობა და აუცილებელია, იყო ფრთხილი, რადგან ჩემი როლია, შევეცადო მშვიდობის დამყარება ან სულ მცირე ამ ომის დასრულება, შესაბამისად, ნებისმიერ ფასად ესკალაციის თავიდან აცილება და საფრანგეთისა და ფრანგების დაცვა ომის გაგრძელებისგან“, – განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, თუ ეს გენოციდია, მაშინ სახელმწიფოები, რომლებიც ამას გენოციდად მიიჩნევენ, საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად უნდა ჩაერიონ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ყველა შეძრული იყო ბუჩასა და მარიუპოლში ნანახით.

შეგახსენებთ, მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რუსეთის ქმედებების გენოციდად შეფასებაზე განაცხადა  – „ასეთ ტერმინებთან ფრთხილად ვიქნებოდი, რადგან ეს ორი ხალხი – რუსები და უკრაინელები, ძმები არიან“. უკრიანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კი აღნიშნა, რომ ემანუელ მაკრონის ასეთი განცხადება გულდასაწყვეტია. „მოძმე“ ერები არ კლავენ ბავშვებს, არ ესვრიან მშვიდობიან მოსახლეობას, არ აუპატიურებენ ქალებს, არ ასახიჩრებენ მოხუცებს და არ ანგრევენ სხვა „მოძმე“ ერების სახლებს. ყველაზე სასტიკი მტრებიც კი არ მიმართავენ სიმხეცეს დაუცველი ადამიანების წინააღმდეგ“, – განაცხადა უწყების პრესმდივანმა ოლეგ ნიკოლენკომ.

ამასთან, უკრაინაში რუსეთის ქმედებებს გენოციდი უწოდა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.