ემანუელ მაკრონი - შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ პუტინის მიერ უკრაინაში დაწყებული ომი არის არასწორი სტრატეგიული არჩევანი
ემანუელ მაკრონი - შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ პუტინის მიერ უკრაინაში დაწყებული ომი არის არასწორი სტრატეგიული არჩევანი

შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ პუტინის მიერ უკრაინაში დაწყებული ომი არის არასწორი სტრატეგიული არჩევანი, – ამის შესახებ ნატო-ს სამიტის დასრულების შემდეგ შემაჯამებელ პრესკოფერენციაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

„ფაქტი, რომ ამ ორმა ქვეყანამ გადაწყვიტეს, შეუერთდნენ ალიანსს, მათი ისტორიისა და ტრადიციის მიუხედავად, და რომ ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, არის ძალიან მკაფიო სტრატეგიული გზავნილი რუსეთისთვის და იმ ფაქტის დადასტურება, რომ პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით, უკრაინაში დაწყებული ომი არის უკიდურესად არასწორი სტრატეგიული არჩევანი, მათ შორის მისთვის. მან მიაღწია იმას, რომ ქვეყნებმა, რომლებსაც აქამდე ჰქონდათ უფრო ფრთხილი და ჩაკეტილი მიდგომა ალიანსის მიმართ, გადაწყვიტეს მას შეუერთდნენ“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის მიერ ომის დაწყებას შედეგად მოჰყვა ალიანსისა და ევროპის გაძლიერება. მაკრონის განცხადებით, დათმობაზე წასვლა ნიშნავს იმის აღიარებას, რომ საზღვრების გაფართოება ძალის გამოყენებით შესაძლებელია, რაც ნატო-სთვის მიუღებელია.

„ჩვენ არ შეგვიძლია დათმობა, თუმცა არ ვიმყოფებით ომის მდგომარეობაში. პირველი დღიდანვე ჩვენ ამ განცხადების მიხედვით ვმოქმედებდით. დათმობა ან მიღება ნიშნავს ჩვენს პრინციპებზე უარის თქმას, ნიშნავს იმის აღიარებას, რომ ომი დაბრუნდა ევროპულ მიწაზე და რომ საზღვრების გაფართოება ძალის გამოყენებით შესაძლებელია. ეს ჩვენთვის მიუღებელია. სწორედ ამიტომ, ბრძოლა უკრაინისთვის, იმის მიუხედავად, რომ უკრაინა არ არის ნატო-ს წევრი, არის ჩვენი ბრძოლა. ეს არის ბრძოლა ჩვენი ღირებულებებისთვის, პრინციპებისთვის, ევროპული დემოკრატიის პრინციპებისთვის და დემოკრატიისთვის, რაც არის საერთაშორისო სამართლის საფუძველი“, – განაცხადა მაკრონმა.

დატოვე კომენტარი