ემანუელ მაკრონი - საფრანგეთს არ აქვს პრობლემა აზერბაიჯანთან, აზერბაიჯანს აქვს პრობლემა ნაკისრ ვალდებულებებთან დაკავშირებით, საერთაშორისო სამართლის პატივისცემასთან მიმართებით
ემანუელ მაკრონი - საფრანგეთს არ აქვს პრობლემა აზერბაიჯანთან, აზერბაიჯანს აქვს პრობლემა ნაკისრ ვალდებულებებთან დაკავშირებით, საერთაშორისო სამართლის პატივისცემასთან მიმართებით

მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აზერბაიჯანული მხარე ყარაბაღში სამხედრო მოქმედების განხორციელებისთვის დაგმო.

„ჩვენ ყოველთვის დაჟინებით ვითხოვდით, რომ ყარაბაღში უმცირესობების უფლებები დაცული, აღიარებული ყოფილიყო და, როგორც ეს გავაკეთეთ პრაღაში, 1991 წლის საზღვრები უნდა იყოს აღიარებული“, – აღნიშნა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, მას ახსოვს ალიევის დაპირება, რომ არასოდეს გამოიყენებდა ძალას ყარაბაღში.

„საფრანგეთს არ აქვს პრობლემა აზერბაიჯანთან, არამედ აზერბაიჯანს აქვს პრობლემა ნაკისრ ვალდებულებებთან დაკავშირებით, საკუთარი სიტყვის შენარჩუნებასა და საერთაშორისო სამართლის პატივისცემასთან მიმართებით“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

როგორც მაკრონმა აღნიშნა, აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციები ამ ეტაპზე კონტრპროდუქტიული იქნება.

ცნობისთვის, დღეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცახდება, სადაც ნათქვამია: „ნეოკოლონიალისტური პოლიტიკის გამგრძელებელი საფრანგეთი თავს წარმოაჩენს ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო სამართლის დამცველად. საფრანგეთი მხარს უჭერს სომხურ სეპარატიზმს აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონში, ცდილობს, შექმნას გეოპოლიტიკური კონკურენცია სამხრეთ კავკასიაში და გამოიყენოს თავისი ცნობილი ნეოკოლონიალისტური პრაქტიკა რეგიონში“.