ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი დარწმუნებულია, რომ ძალის გამოყენება ვერ იქნება გამოსავალი სომხეთის ან აზერბაიჯანისთვის, დიალოგი რაც შეიძლება სწრაფად უნდა აღდგეს
ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი დარწმუნებულია, რომ ძალის გამოყენება ვერ იქნება გამოსავალი სომხეთის ან აზერბაიჯანისთვის, დიალოგი რაც შეიძლება სწრაფად უნდა აღდგეს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დიალოგის აღდგენაა საჭირო. ამის შესახებ მან პარიზში, ელისეს სასახლეში სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„საფრანგეთი დარწმუნებულია, რომ ძალის გამოყენება ვერ იქნება გამოსავალი სომხეთის ან აზერბაიჯანისთვის და რომ დიალოგი უნდა აღდგეს რაც შეიძლება სწრაფად. მრავალი კითხვას რომელიც პასუხს საჭიროებს, უნდა გადაწყდეს მხოლოდ მოლაპარაკებების გზით“, -განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ის აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან საუბარს გეგმავს. როგორც ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, შეუძლებელია მშვიდობის შენება და ამავე დროს ძალის გამოყენების მუქარა.

„პრეზიდენტი ალიევი, რომელსაც მე დაველაპარაკები უახლოეს რამდენიმე საათში, ამბობს, რომ სურს რეგიონული არასტაბილურობის დასრულება და გამოსავლის პოვნა. თუმცა, შეუძლებელია მშვიდობის შენება და ამავე დროს, ძალის გამოყენების მუქარის გაგრძელება. სწორედ ამიტომ, საფრანგეთი ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია, სტაბილური, უსაფრთხო და აყვავებული კავკასიისთვის“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.