ემანუელ მაკრონი - საჭიროა, გავაკონტროლოთ, ნამდვილად სრულდება თუ არა სანქციები და დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი სხვა სახელმწიფოების ხელშეწყობით სანქციების წნეხს თავს არ არიდებს
ემანუელ მაკრონი - საჭიროა, გავაკონტროლოთ, ნამდვილად სრულდება თუ არა სანქციები და დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი სხვა სახელმწიფოების ხელშეწყობით სანქციების წნეხს თავს არ არიდებს

დღეს „დიდმა შვიდიანმა“ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დამატებით პაკეტზე იმსჯელა. განვიხილეთ სანქციების გაძლიერების საკითხი. ყველა ჩვენგანი თანხმდება, რომ გავაგრძელებთ ზეწოლას რუსულ ეკონომიკაზე სანქციებით, ვიდრე რუსეთი არ დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რუსეთი ექცევა იზოლაციაში და ისტორიული პასუხისმგებლობა ეკისრება ამ ომისთვის.

„პუტინს აღარ დარჩება სხვა გზა, გარდა მოლაპარაკებებისა. ჩვენ ასევე პასუხისმგებლები ვართ ამ სანქციების აღსრულების მონიტორინგზე. საჭიროა გავაკონტროლოთ, რომ ნამდვილად სრულდება სანქციები და უნდა დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი სხვა სახელმწიფოების ხელშეწყობით ამ სანქციების წნეხს თავს არ არიდებს“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

პრეზიდენტმა ნატო-ს საგანგებო სამიტზე ალიანსის თავდაცვის უნარიანობის გაზრდაზეც ისაუბრა.

„უკრაინელი ხალხი და უკრაინის მთავრობა დიდ წინააღმდეგობას უწევს რუსულ აგრესიას. თავის მხრივ, ჩვენი ერთიანობა და უკრაინელი ხალხის გვერდში დგომა რუსული აგრესიის შეჩერებას ცდილობს. ჩვენ უკრაინას სხვადასხვა სახის დახმარებას ვუწევთ და სამომავლოდაც გავუწევთ, რაზეც აქ, სამიტზე შეკრებილმა ლიდერებმა დღეს ვიმსჯელეთ. ეს არის სხვადასხვა სახის დახმარება, მათ შორის დახმარება სამხედრო სფეროში. ასევე ვიმსჯელეთ, რომ ევროკავშირი შეიფარებს იმ სამ მილიონნახევარ უკრაინელ ლტოლვილს, რომელთაც რუსული აგრესიის გამო სახლიდან გაქცევა მოუწიათ. აღსანიშნავია, რომ დღეს პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოგვამრთა ვირტუალურად და აგვიხსნა, რა სჭირდება ყველაზე მეტად ახლა. ვიმსჯელეთ იარაღის მიწოდებაზე. არის სამხედრო სფეროს საკითხები, რაზეც ახლა საჯაროდ ვერ ვისაუბრებ. მინდა აღვნიშნო, რომ არსებული კრიზისის ფონზე, ნატო-ს სამხედრო კონტინგენტის გაზრდაში საფრანგეთი მნიშვნელოვან კონტრიბუციას გასწევს მულტინაციონალურ საბრძოლო ჯგუფებში. საუბარია რამდენიმე ასეულ ფრანგ ჯარისკაცზე, რომლებიც ალიანსის წევრ რამდენიმე ქვეყანაში განთავსდებიან, ჩრდილოეთის ზღვიდან შავი ზღვის სანაპირომდე, რუმინეთში“, – განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, დღის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვება.

„ვიმსჯელეთ სამომავლო სტრატეგიაზე, თუ როგორ მოხდეს გაზის დივერსიფიცირება და როგორ გავთავისუფლდეთ რუსულ გაზსა და ნავთობზე დამოკიდებულებისგან“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.