ემანუელ მაკრონი რუსეთს დესტაბილიზაციის პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს
ემანუელ მაკრონი რუსეთს დესტაბილიზაციის პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსეთი აღმოსავლეთ ევროპაში ბოლო წლებში მეტი დესტაბილიზაციის პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულა. „დოიჩე ველეს“ ცნობით, ამის შესახებ ფრანგმა ლიდერმა გუშინ, ბერლინში, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრის წინ განაცხადა.

მაკრონის თქმით, მან პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პოლიტიკის მიზნის შესახებ არ იცის, მაგრამ სულ უფრო მეტი დესტაბილიზაციის ქმედებებს ხედავს. შესაბამისად, ფაქტი, რომ კრემლი არ ჩერდება, ევროპაში შეშფოთებას იწვევს. შეხვედრის შემდეგ მაკრონმა და შოლცმა გაიმეორეს, რომ რუსეთს მისთვის სერიოზული შედეგების გათვალისწინება მოუწევს იმ შემთხვევაში, თუ უკრაინას თავს დაესხმება.

ოლაფ შოლცის განცხადებით, ოფიციალურ ბერლინს დიდი წვლილი მიუძღვის უკრაინის განვითარებაში და უკრაინულმა მხარემ იცის, რომ შეუძლია გერმანიას „დაეყრდნოს“.

საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა უკრაინის კონფლიქტის მოსაგვარებლად „ნორმანდიის ფორმატის“ მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი, იმის მიუხედავად, რომ მისმა შედეგებმა მოლოდინი ვერ გაამართლა. მაკრონის თქმით, ამ ფორმატით მუშაობის შეწყვეტა ნიშნავს, რომ აღარ განიხილება „პოლიტიკური ქმედებები“.

„ამიტომ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ჩვენ ურყევი ურთიერთობა გავაგრძელოთ“, – აღნიშნა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, „ნორმანდიის ფორმატში“ მომდევნო სამიტი გერმანიაში უნდა გაიმართოს.

დატოვე კომენტარი