ემანუელ მაკრონი - რუსეთმა უნდა შეწყვიტოს აგრესია და ამას უნდა ახლდეს უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები უკრაინელებისთვის
რუსეთმა უნდა შეწყვიტოს აგრესია და ამას უნდა ახლდეს უსაფრთხოების ძლიერი, სანდო გარანტიები უკრაინელებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს რისკი, რომ ეს ცეცხლის შეწყვეტა „მინსკის შეთანხმებების“ მსგავსად დასრულდეს, – ამის შესახებ ნათქვამია საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებაში, რომელიც რამდენიმე ევროპელ ლიდერთან პარიზში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
როგორც მაკრონი აცხადებს, შეხვედრის შემდეგ აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს ესაუბრა.
„რამდენიმე ევროპელ ლიდერთან შეხვედრის შემდეგ, ახლახან ვესაუბრე პრეზიდენტ ტრამპს, შემდეგ – პრეზიდენტ ზელენსკის.
ჩვენ გვსურს მყარი და გრძელვადიანი მშვიდობა უკრაინაში. ამ მიზნით რუსეთმა უნდა შეწყვიტოს აგრესია და ამას უნდა ახლდეს უსაფრთხოების ძლიერი და სანდო გარანტიები უკრაინელებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს რისკი, რომ ეს ცეცხლის შეწყვეტა მინსკის შეთანხმებების მსგავსად დასრულდეს. ჩვენ ვიმუშავებთ ამაზე ყველა ევროპელთან, ამერიკელთან და უკრაინელთან. ეს არის საკვანძო მომენტი.
ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ევროპელებს მოუწევთ უკეთესი, მეტი და ერთად ინვესტირება თავიანთი უსაფრთხოებისა და თავდაცვისთვის, დღევანდელი და ხვალინდელი დღისთვის. ამ მიზნით, ევროპელებს სურთ, დააჩქარონ სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და კონკურენტუნარიანობის საკუთარი დღის წესრიგის განხორციელება. მუშაობა გაგრძელდება ევროკომისიის წინადადებების საფუძველზე როგორც უკრაინის მხარდაჭერის, ისე ჩვენს თავდაცვაში განვითარებასა და ინვესტიციაზე. ეს დღის წესრიგი, რომელიც 2022 წელს ვერსალის სამიტზე განისაზღვრა, ჩვენ უბრალოდ უნდა აღვასრულოთ. გადაწყვეტილებები, მოქმედებები, თანმიმდევრულობა. სწრაფად.
ამ დისკუსიას უახლოეს დღეებში გავაგრძელებ“, – აცხადებს მაკრონი.
ემანუელ მაკრონის განცხადებას საქართველოში საფრანგეთის საელჩო ავრცელებს.