ემანუელ მაკრონი რუსეთის ქმედებების „გენოციდად“ შეფასებაზე - ასეთ ტერმინებთან ფრთხილად ვიქნებოდი, რადგან ეს ორი ხალხი, რუსები და უკრაინელები, ძმები არიან
ემანუელ მაკრონი რუსეთის ქმედებების „გენოციდად“ შეფასებაზე - ასეთ ტერმინებთან ფრთხილად ვიქნებოდი, რადგან ეს ორი ხალხი, რუსები და უკრაინელები, ძმები არიან

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინაში რუსეთის ქმედებების „გენოციდად“ შეფასებაზე უარი განაცხადა, – წერს „სიენენი“.

საფრანგეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან – „ფრანს 2“-თან ინტერვიუში კითხვაზე, გამოიყენებდა თუ არა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მსგავსად რუსი სამხედროების მიერ უკრაინელების მკვლელობისთვის ტერმინ „გენოციდს“, მაკრონმა განაცხადა: „დღეს ასეთ ტერმინებთან მიმართებით ფრთხილად ვიქნებოდი, რადგან ეს ორი ხალხი [რუსები და უკრაინელები] ძმები არიან“.

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, რიტორიკის ესკალაცია ომის შეჩერებას და მშვიდობის აღდგენას არ ემსახურება.

„დანამდვილებით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ სიტუაცია მიუღებელია და ეს არის ომის დანაშაულები. ჩვენ ვცხოვრობთ ომის დანაშაულებში, რომლებიც უპრეცედენტოა ჩვენს მიწაზე – ჩვენს ევროპულ მიწაზე. რუსეთმა ცალმხრივად დაიწყო უკიდურესად სასტიკი ომი; ახლა დადგინდა, რომ რუსეთის არმიამ ჩაიდინა ომის დანაშაულები და ახლა ჩვენ უნდა ვიპოვოთ დანაშაულზე პასუხისმგებელი პირები“, – თქვა მაკრონმა.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად შეაფასა და თქვა, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინელობის იდეის წაშლას ცდილობს.