ემანუელ მაკრონი - რეფორმები თუ არ განხორციელდება, ლიბანი კვლავ დაზარალდება
ემანუელ მაკრონი - რეფორმები თუ არ განხორციელდება, ლიბანი კვლავ დაზარალდება

რეფორმები თუ არ განხორციელდება, ლიბანი კვლავ დაზარალდება, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ბეირუთში, ლიბანის პრეზიდენტთან, მიშელ აუნთან შეხვედრისას განაცხადა.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ლიბანი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის წინაშე დგას და მასზე სწრაფი რეაგირებაა საჭირო. ემანუელ მაკრონი ლიბანის პრემიერ-მინისტრთან, ჰასან დიაბთან, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან გეგმავს შეხვედრას. ფრანგული გამოცემა, „ფრანს 24“ წერს, რომ პარიზი თავისი ყოფილი კოლონიისთვის გადაუდებელი დახმარების აღმოჩენას გეგმავს.

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, მომდევნო დღეების განმავლობაში პარიზი ლიბანისთვის საფრანგეთის, ევროპისა და საერთაშორისო დახმარების ორგანიზებას უზრუნველყოფს. სპეციალური სამაშველო პერსონალით და აღჭურვილობით ლიბანში ორ ფრანგულ თვითმფრინავს ელოდებიან.

4 აგვისტოს მომხდარ აფეთქებას ბეირუთში 135 ადამიანი ემსხვერპლა, 5 000-მდე კი დაშავდა. ამონიუმის გვარჯილის საცავის აფეთქებამ ბეირუთის ნახევარი დაანგრია ან დააზიანა. ზარალი ხუთი მილიარდი დოლარით ფასდება.