ემანუელ მაკრონი – ქალაქ ტრაპში მომხდარი სროლა რასისტული და ტერორისტული თავდასხმა იყო, რომელიც საფრანგეთისთვის გარდამტეხი მოვლენა გახდება

23:46, 23.10.2026

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ქალაქ ტრაპში მომხდარი სროლა რასისტული და ტერორისტული თავდასხმა იყო, რომელიც ქვეყნისთვის გარდამტეხი მოვლენა გახდება. თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სულ მცირე, ოთხი კი დაშავდა. დაშავებულთა შორის 12 წლის გოგონაცაა.

„დღეს მომხდარი ჩვენი რესპუბლიკისა და ქვეყნისთვის გარდამტეხი მოვლენაა. ეს იყო ტერორისტული და რასისტული თავდასხმა“, – განაცხადა მაკრონმა, რომელიც საღამოს ტრაპში ჩავიდა.

მისი თქმით, ადამიანები თავდასხმის სამიზნეები მათი რელიგიისა და კანის ფერის გამო გახდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულ 12 წლის გოგონას რვა ტყვია აქვს მოხვედრილი. გოგონას მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური.

პროკურატურამ გამოძიება ტერორისტულ საქმიანობასთან დაკავშირებული მკვლელობის მუხლით დაიწყო.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, სებასტიან ლეკორნიუმ განაცხადა, რომ საქმე განსაკუთრებით სერიოზულია და უსაფრთხოების სამსახურებისა და მართლმსაჯულების ორგანოების ყველა რესურსი მობილიზებულია.

ინციდენტი იველინის პრეფექტურის ქალაქ ტრაპში, დაახლოებით 10:30 საათზე მოხდა. შეიარაღებულმა პირმა ავტომობილიდან გამვლელებს ესროლა. პოლიციამ მამაკაცი დააკავა.

მსგავსი