ემანუელ მაკრონი - პუტინს სისუსტე არ უნდა აჩვენო
ემანუელ მაკრონი - პუტინს სისუსტე არ უნდა აჩვენო

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ვლადიმირ პუტინი ძლიერი და ჭკვიანი ლიდერია, თუმცა ის შეპყრობილია დემოკრატიული ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევის იდეით. ამის შესახებ განცხადება მაკრონმა ვაშინგტონში გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე Fox News-თან ინტერვიუში გააკეთა.

ამასთან, მაკრონის თქმით, პუტინთან სისუსტე არ უნდა გამოიჩინო, რადგან ის ამ სისუსტეს შენს წინააღდმეგ გამოიყენებს.

ინტერვიუს დროს ემანუელ მაკრონმა სირიაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საფრანგეთი “ახალი სირიის“ მშენებლობაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

მისი თქმით, აშშ და საფრანგეთი სირიას გარდამავალ ეტაპზე არ დატოვებენ.

„ეს არ ნიშნავს ავტომატურად ამერიკელი ჯარისკაცების სირიაში დარჩენას, თუმცა ესენი შეიძლება იყვნენ ამერიკელი დიპლომატები. ჩვენ ომის შემდეგ ახალი სირიის მშენებლობაში მნიშვნელოვანი როლი უნდა შევასრულოთ. იმ დღეს, როდესაც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ომი დასრულდება, თუ ჩვენ დავტოვებთ სირიას, თუნდაც პოლიტიკური თვალსაზრისით, ჩვენ სირიას ირანის რეჟიმს და ბაშარ ასადს შევატოვებთ. ისინი ახალ ომს მოამზადებენ. ისინი ახალ ტერორისტებს მოამზადებენ. ამიტომ ჩემი აზრით, ომის შემდეგ აშშ, საფრანგეთი და მისი მოკავშირეები, ასევე თურქეთიც და რუსეთიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ ახალი სირიის მშენებლობაში”, – განაცხადა საფრანგეთის ლიდერმა.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ლიდერი ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით ხვალ ჩავა.