ემანუელ მაკრონი მოუწოდებს ევროპულ ქვეყნებსა და აშშ-ს, სასწრაფოდ გაუგზავნონ განვითარებად ქვეყნებს ვაქცინების 4-5 პროცენტი
ემანუელ მაკრონი მოუწოდებს ევროპულ ქვეყნებსა და აშშ-ს, სასწრაფოდ გაუგზავნონ განვითარებად ქვეყნებს ვაქცინების 4-5 პროცენტი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მოუწოდებს ევროპულ ქვეყნებსა და აშშ-ს, სასწრაფოდ გაუგზავნონ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 4-5% განვითარებად ქვეყნებს.

როგორც ემანუელ მაკრონმა გამოცემა „ფაინენშელ თაიმსთან“ აღნიშნა, ვაქცინების სამართლიანად განაწილებაში წარუმატებლობა გლობალურ უთანასწორობას კიდევ უფრო გაზრდის.

აღნიშნული ინიციატივით საფრანგეთის ლიდერი „დიდი შვიდეულის“ ლიდერების სამიტამდე გამოვიდა, რომელიც დღეს ვირტუალურ ფორმატშია დაგეგმილი.

„ჩვენ არ ვსაუბრობთ მილიარდობით დოზაზე ან მილიარდობით ევროზე. საუბარია ჩვენს ხელთ არსებული დოზების 4-5%-ის სწრაფად მიწოდებაზე. ეს არ შეცვლის ჩვენს ვაქცინაციის კამპანიებს, თუმცა თითოეულმა ქვეყანამ უნდა გადადოს ვაქცინების დოზების მცირე რაოდენობა ძალიან სწრაფად…“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

საფრანგეთის ლიდერის თქმით, ვაქცინების გაზიარების ინიციატივას მხარი დაუჭირა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა. მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ მას აშშ-ის მხარდაჭერის იმედიც აქვს.

ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ მსოფლიო მასშტაბით ჩატარებული ვაქცინაციის 75% 10 ქვეყანაზე მოდის მაშინ, როდესაც 130 ქვეყანას ჯერ ერთი დოზაც კი არ მიუღია.