ემანუელ მაკრონი - ირანისა და აშშ-ის პრეზიდენტებთან გამოვთქვი იმედი, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს სრულად დაიცავენ, მათ შორის ლიბანშიც, ეს აუცილებელი პირობაა, რათა ზავი იყოს სანდო და ხანგრძლივი
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აშშ-ისა და ირანის პრეზიდენტებს განუცხადა, რომ ვაშინგტონსა და თეირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ლიბანსაც უნდა მოიცავდეს.
ამის შესახებ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს ვესაუბრე ირანის პრეზიდენტს, მასუდ ფეზექშიანს, ასევე, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს. ორივე მათგანს ვუთხარი, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე თანხმობა საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. გამოვთქვი იმედი, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს სრულად დაიცავს თითოეული მხარე დაპირისპირების ყველა ზონაში, მათ შორის ლიბანშიც. ეს აუცილებელი პირობაა, რომ ზავი იყოს სანდო და ხანგრძლივი“, – წერს მაკრონი.
მისივე თქმით, ეს „გზას გაუხსნის ყოვლისმომცველ მოლაპარაკებებს“, რაც გრძელვადიან სამშვიდობო შეთანხმებამდე მიიყვანს მხარეებს.
მაკრონი ასევე პირობას დებს, რომ „საფრანგეთი სრულად შეასრულებს თავის როლს ახლო აღმოსავლეთში პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით“.
ამასთან, როგორც საფრანგეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, საკუთარი პოზიცია დღეს გააცნო კატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ლიბანისა და ერაყის ლიდერებს.