ემანუელ მაკრონი ევროპას მოუწოდებს, ხელახლა აღმოაჩინოს ევროკავშირის დამფუძნებლების გამბედაობა და ნაციონალიზმის დაბრუნებას წინააღმდეგობა გაუწიოს

18:11, 28.09.2026

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ევროპას მოუწოდებს, ხელახლა აღმოაჩინოს ევროკავშირის დამფუძნებლების გამბედაობა და ნაციონალიზმის დაბრუნებას წინააღმდეგობა გაუწიოს. მაკრონმა ეს განცხადება მეცში, ევროპული ინტეგრაციისა და მშვიდობისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე გააკეთა, რომელსაც რომის პაპი ლეო XIV-ც ესწრებოდა.

როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, ევროპა მშვიდობის, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის ძალად უნდა დარჩეს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა შეკრებილები ასევე გააფრთხილა იზოლაციონიზმისა და სიძულვილის შედეგების შესახებ და მოუწოდა ევროპელებს, დაიცვან ერთიანი და დემოკრატიული ევროპა.

„აქ ფეთქავს ევროპის უძველესი გული – ევროპა, რომელიც იცავს, აერთიანებს და მოქმედებს; სუვერენული და დემოკრატიული ევროპა, რომელიც შთაგონებულია მშვიდობისა და კეთილდღეობის პროექტით; ევროპა, რომელმაც ხელახლა უნდა აღმოაჩინოს დამფუძნებლების გამბედაობა, არ დაემორჩილოს უკან დახევას, სხვების სიძულვილს, ნაციონალიზმის დაბრუნებას, რომელიც ყოფს“, – ხაზგასმით აღნიშნა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნული განცხადება ქვეყანაში კვირას გამართული პარლამენტის ზედა პალატის არჩევნების ფონზე გააკეთა, სადაც მარინ ლეპენის ულტრამემარჯვენე პარტიამ „ეროვნული გაერთიანება“ და მისმა მოკავშირეებმა სენატში რეკორდული რაოდენობის 14 ადგილი მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც „ეროვნულმა გაერთიანებამ“ გადალახა 10-ადგილიანი ზღვარი, რომელიც საჭიროა სენატში, საფრანგეთის პარლამენტის ზედა პალატაში, საპარლამენტო ჯგუფის შესაქმნელად.

კვირას, 27 სექტემბერს, საფრანგეთმა ზედა პალატაში 348 კანონმდებლიდან 178 აირჩია. ეს არჩევნები საფრანგეთში ბოლო იყო 2027 წლის გაზაფხულზე საპრეზიდენტო არჩევნებამდე. სენატის არჩევნები არაპირდაპირია: სენატორებს ირჩევენ არა მოქალაქეები ეროვნულ კენჭისყრაში, არამედ ამომრჩეველთა კოლეგია, რომელიც 93 000-ზე მეტ ადამიანს, ძირითადად მუნიციპალურ მრჩევლებს აერთიანებს. კენჭისყრა ჩატარდა კონტინენტური საფრანგეთის 58 დეპარტამენტში, ასევე კორსიკაში, საფრანგეთის გვიანასა და ოთხ საზღვარგარეთულ ტერიტორიაზე არსებულ ორ დეპარტამენტში.

მსგავსი