ემანუელ მაკრონი - ევროპამ საბოლოოდ უნდა შექმნას საკუთარი კოლექტიური უსაფრთხოების ჩარჩო კონტინენტზე, რასაც სტრატეგიული გადაიარაღება სჭირდება
ევროპამ საბოლოოდ უნდა შექმნას საკუთარი კოლექტიური უსაფრთხოების ჩარჩო კონტინენტზე, რასაც სტრატეგიული გადაიარაღება სჭირდება, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ახალი ჩარჩოს საფუძველი უნდა იყოს რუსეთთან 30 წლის წინ შეთანხმებული პრინციპები, მათ შორის, ძალის და იძულების გამოყენებაზე უარის თქმა, ქვეყნებისთვის არჩევანის მიცემა, შეუერთდნენ თავიანთთვის სასურველ ალიანსებს და გავლენის სფეროებზე უარის თქმა.
ემანუელ მაკრონის განცხადებით, კონტინენტზე დესტაბილიზაციური ძალების, ჩარევის და მანიპულირების ფონზე, რუსეთთან გულწრფელი და მომთხოვნი დიალოგის წარმოებაა საჭირო.
„ჩვენთვისაც და რუსეთისთვისაც, ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებისთვის, რომელიც განუყოფელია, გვჭირდება ეს დიალოგი რუსეთთან. ჩვენ, როგორც ევროპელებმა, უნდა ჩამოვაყალიბოთ ჩვენი მოთხოვნები და დავდგეთ ისეთ პოზიციაზე, რომ დავრწმუნდეთ, მათ პატივს სცემენ. უარის თქმა ძალის გამოყენებაზე, მუქარაზე, იძულებაზე; სახელმწიფოთა თავისუფალი არჩევანი, მონაწილეობა მიიღონ ორგანიზაციებში, ალიანსებში, უსაფრთხოების შეთანხმებებში, როგორც მათ სურთ; საზღვრებისა და სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობა, გავლენის სფეროების უარყოფა – რაზეც მე ვსაუბრობ, არის პრინციპები, რომლებსაც ჩვენ, ევროპელებმა და რუსეთმა ხელი მოვაწერეთ 30 წლის წინ.
ჩვენზე, ევროპელებზეა დამოკიდებული, დავიცვათ ეს პრინციპები, რომლებიც თან ახლავს სახელმწიფოთა სუვერენიტეტს; ჩვენზეა დამოკიდებული, კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ მათი მნიშვნელობა და დავაწესოთ სანქციები ნებისმიერ დარღვევაზე. სუვერენიტეტი თავისუფლებაა. ეს არის ჩვენი ევროპული პროექტის საფუძველი და ის ასევე პასუხია დესტაბილიზაციურ ძალებზე, რომლებიც მუშაობენ ჩვენს კონტინენტზე. ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ გერმანიასთან ერთად „ნორმანდიულ ფორმატში“ უკრაინაში კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტის ძიებას, რაც ამჟამინდელი დაძაბულობის უკან დგას და თქვენი კოლექტიური მხარდაჭერა აუცილებელია ჩვენი ძალისხმევის გასაძლიერებლად“, – აღნიშნა მაკრონმა ევროპარლამენტში.