ემანუელ მაკრონი დიდი შვიდეულის წევრებს სამიტზე ამაზონის ტყის ხანძრის საკითხის განხილვისკენ მოუწოდებს
ემანუელ მაკრონი დიდი შვიდეულის წევრებს სამიტზე ამაზონის ტყის ხანძრის საკითხის განხილვისკენ მოუწოდებს

ემანუელ მაკრონი დიდი შვიდეულის წევრ სახელმწიფოებს სამიტზე ამაზონის ტყეში ხანძრის საკითხის განხილვისკენ მოუწოდებს. საფრანგეთის პრეზიდენტი მსოფლიოს უდიდეს ტროპიკულ ტყეში ხანძარს მიკრობლოგ „ტვიტერის“ საშუალებით გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს საერთაშორისო კრიზისია.

„ჩვენი სახლი იწვის პირდაპირი მნიშვნელობით. ამაზონის ტროპიკული ტყე, ფილტვები, რომელიც დედამიწის ჟანგბადის 20 პროცენტს გამოიმუშავებს, ცეცხლშია გახვეული. ეს საერთაშორისო კრიზისია. დიდი შვიდეულის სამიტის წევრებო, მოდით, ორ დღეში სწორედ ეს გასანგებო ვითარება განვიხილოთ პირველ რიგში,“ – განაცხადა მიკრობლოგის საშუალებით საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ემანუელ მაკრონის განცხადებას ბრაზილიის პრეზიდენტი უკვე გამოეხმაურა. ჟაირ ბოლსონარუმ ფრანგი კოლეგა გააკრიტიკა. მან აღნიშნა, რომ ეს საკითხი მაკრონმა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა.

ბრაზილიის კოსმოსური კვლევის ცენტრის ცნობით, ამაზონის ტროპიკულ ტყეში ხანძრების რიცხვი გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 80 პროცენტით არის გაზრდილი. ამჟამად სტიქია ერთდროულად ორ შტატში მძვინვარებს.