ემანუელ მაკრონი და ურსულა ფონ დერ ლაიენი აპრილში ჩინეთში ერთად ჩავლენ
ემანუელ მაკრონი და ურსულა ფონ დერ ლაიენი აპრილში ჩინეთში ერთად ჩავლენ

ემანუელ მაკრონი და ურსულა ფონ დერ ლაიენი აპრილში ჩინეთში ერთად ჩავლენ, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„მე შევთავაზე პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, რომ ის თან მახლდეს ჩინეთში ჩემი ვიზიტის დროს, რათა პეკინს ერთიანი ევროპული პოზიცია გავაცნოთ. მე არ მაქვს ევროპული მანდატი, რადგანაც საფრანგეთს აქვს დამოუკიდებელი დიპლომატია, მაგრამ მე დაკავშირებული ვარ ევროპულ კოორდინაციასთან“, – განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ის უკვე ესაუბრა აღნიშნულ საკითხზე გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს.

მაკრონის თქმით, საფრანგეთსა და გერმანიას ერთიანი მიდგომა აქვთ, რაც მოიცავს თანამშრომლობას ჩინეთთან, რათა პეკინმა რუსეთზე ზეგავლენა მოახდინოს.

„ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა შევაჩეროთ კონფლიქტი, საერთაშორისო ნორმების დაცვით, მათ შორის ტერიტორიული სუვერენიტეტის დაცვით“, – განაცხადა მაკრონმა.