ემანუელ მაკრონი - ჩვენი მოთხოვნა მკაფიოა, ომი უნდა დასრულდეს, იარაღი უნდა დადუმდეს, ასევე გვინდა, რომ რუსეთმა გაიყვანოს თავისი ძალები
ემანუელ მაკრონი - ჩვენი მოთხოვნა მკაფიოა, ომი უნდა დასრულდეს, იარაღი უნდა დადუმდეს, ასევე გვინდა, რომ რუსეთმა გაიყვანოს თავისი ძალები

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ უკრაინის გვერდში დგომისთვის, დემოკრატიისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ბერლინში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„სიტუაცია არის საფრთხის შემცველი ჩვენი თაობისთვის, ევროპისთვის და ჩვენი ქვეყნებისთვის. ომი დაბრუნდა ჩვენს კონტინენტზე და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავიცვათ ჩვენი დემოკრატია და დავდგეთ უკრაინის გვერდით, თუმცა ამავე დროს დავიცვათ ჩვენი ხალხი ომის ნებისმიერი გაფართოებისგან“, – განაცხადა მაკრონმა.

როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, ევროკავშირი გააძლიერებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და ევროპული ქვეყნები გააგრძელებენ უკრაინის სამხედრო და ფინანსურ დახმარებას.

„ჩვენ უკვე მრავალი კვირაა, ომის მდგომარეობაში ვართ. ახლა მნიშვნელოვანია ომის დასამთავრებლად გადამწყვეტი ნაბიჯების სწრაფად გადადგმა. ჩვენი მოთხოვნა მკაფიოა: ომი უნდა დასრულდეს, იარაღი უნდა დადუმდეს. ჩვენ ასევე გვინდა, რომ რუსეთმა გაიყვანოს თავისი ძალები“, – განაცხადა მაკრონმა.

ემანუელ მაკორნმა ასევე ხაზი გაუსვა რუსულ ენერგორესურსებზე ევროპის დამოკიდებულების შემცირების საჭიროებას. თავის მხრივ, ოლაფ შოლცმა ემანუელ მაკრონს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

მისი თქმით, საფრანგეთსა და გერმანიას შორის მნიშვნელოვანია კარგი თანამშრომლობა. როგორც ოლაფ შოლცმა აღნიშნა, ევროპის კარგად მუშაობისთვის საფრანგეთისა და გერმანიის ერთობლივი კარგი მუშაობაა საჭირო. მან ასევე უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომს ისტორიის გარდამტეხი მომენტი უწოდა.