ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ევროპისთვის ბირთვული შეკავების საკითხზე დისკუსიების დასაწყებად მზად არის
ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ევროპისთვის ბირთვული შეკავების საკითხზე დისკუსიების დასაწყებად მზად არის

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ მზად არის ევროპისთვის ბირთვული შეკავების საკითხზე დისკუსიების დასაწყებად. ამის შესახებ მან პორტუგალიურ ტელეკომპანიასთან, RTP-სთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მაკრონმა აღნიშნა, თუ ევროპას უნდა უფრო დიდი ავტონომია თავდაცვისა და ბირთვული შეკავების საკითხში, მაშინ მისმა ლიდერებმა უნდა დაიწყონ ამის განხილვა.

„ჩემს კოლეგებს თუ სურთ უფრო დიდი ავტონომიისა და შეკავების შესაძლებლობებისკენ სვლა, მაშინ ჩვენ უნდა გავხსნათ ეს დისკუსია. ეს არის ღრმად სტრატეგიული საკითხი. ის მოიცავს ძალიან სენსიტიურ და კონფიდენციალურ კომპონენტებს, თუმცა მე მზად ვარ, გავხსნა ეს დისკუსია“, – აღნიშნა მაკრონმა.

მისი თქმით, საფრანგეთის ბირთვული დოქტრინა ყოველთვის შეიცავდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების ევროპულ განზომილებას.

ამავე ინტერვიუში ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინია, რომელიც მესამე მსოფლიო ომით თამაშობს და არა ვოლოდიმირ ზელენსკი.

„თუ ვინმე მესამე მსოფლიო ომით თამაშობს, მისი სახელი ვლადიმერ პუტინია. სწორედ მან დაიწყო აგრესიის ომი სამი წლის წინ და სწორედ მან ჩამოიყვანა 10 ათასი ჩრდილოკორეელი სამხედრო ევროპულ მიწაზე. მან მოიპოვა ირანული დრონები ევროპულ მიწაზე გამოსაყენებლად, სანაცვლოდ კი ირანს ბირთვულ პროგრამაში დაეხმარა. ეს არის ადამიანი, რომელმაც ეს კავშირები კიდევ უფრო გაზარდა და ჩართო ჩინეთიც, შესაძლოა, მის საწინააღმდეგოდ, ორმაგი დანიშნულების მასალებით. ასე რომ, თუკი არსებობს პიროვნება, რომელიც გვემუქრება ბირთვული იარაღით და მესამე მსოფლიო ომით თამაშობს, ნუ ეძებთ მას კიევში, ეძებეთ ის მოსკოვში“, – აღნიშნა მაკრონმა.