ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ სადავო საპენსიო რეფორმაზე უარს არ იტყვის, თუმცა მზად არის კომპრომისისთვის
ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ სადავო საპენსიო რეფორმაზე უარს არ იტყვის, თუმცა მზად არის კომპრომისისთვის

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ სადავო საპენსიო რეფორმაზე უარს არ იტყვის, თუმცა მზად არის კომპრომისისთვის.

როგორც „ევრონიუსი“ იუწყება, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ მზად არის, წავიდეს დათმობაზე საპენსიო ასაკთან დაკავშირებით.

ემანუელ მაკრონი იმედოვნებს, რომ მიმდინარე კვირის ბოლომდე საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით პროგრესი იქნება მიღწეული.

როგორც საფრანგეთის ლიდერმა განაცხადა, მისი მიზანია საშობაო დღესასწაულისთვის პროფკავშირების მიერ ორგანიზებული გაფიცვის შეწყვეტა. შეგახსენებთ, 17 დეკემბერს საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის დროს პროფკავშირების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გაფიცვას საშობაოდაც არ შეწყვეტენ.

დღეს საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით პროფკავშირებთან მოლაპარაკებებს მართავს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ედუარდ ფილიპი.

დაგეგმილი საპენსიო რეფორმის გამო საფრანგეთში საყოველთაო გაფიცვა უკვე ორი კვირაა გრძელდება.
საფრანგეთის მთავრობის მიერ ინიციირებული გეგმა საპენსიო სისტემის გამარტივებასა და ერთიან სისტემაზე გადასვლას გულისხმობს. პროფკავშირები აცხადებენ, რომ ცვლილების განხორციელების შემთხვევაში პენსიონერები საკუთარი შრომით დამსახურებულ შეღავათებს დაკარგავენ.
საპენსიო რეფორმა ემანუელ მაკრონის წინასაარჩევნო დაპირება იყო. რეფორმის შესახებ კანონპროექტი მზად წლის ბოლოსთვის იქნება. მას პარლამენტში თებერვლის მიწურულისთვის განიხილავენ. კანონი კი ძალაში 2022 წლის 1 იანვრიდან შევა.

აღსანიშნავია, რომ საპენსიო რეფორმა შეეხებათ მხოლოდ 1975 წელს და მის შემდგომ დაბადებულ პირებს. შესაბამისად, ახალი სისტემით პირველი პენსიის აღება სწორედ 1975 წელს დაბადებულ მოქალაქეებს მოუწევთ და ეს 2037 წელს მოხდება.