ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ რამდენიმე ევროპელი ლიდერი მას უკვე დაუკავშირდა საფრანგეთის ბირთვული შეკავების სხვა ქვეყნებზე გავრცელების შეთავაზებასთან დაკავშირებით
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რამდენიმე ევროპელი ლიდერი მას უკვე დაუკავშირდა საფრანგეთის ბირთვული შეკავების სხვა ქვეყნებზე გავრცელების შეთავაზებასთან დაკავშირებით.
„რამდენიმე ჩემი კოლეგა მოვიდა ჩემთან სასაუბროდ, ასე რომ, ახლა გვექნება ფაზა, სადაც ჩვენი ტექნიკური სპეციალისტები ისაუბრებენ. გავხსნით სტრატეგიულ და ტექნიკურ დიალოგს, რომელსაც მოჰყვება მოლაპარაკებები სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების დონეზე“, – განაცხადა მაკრონმა. ამასთან, მისივე თქმით, იმედოვნებს, რომ 2025 წლის პირველი ნახევრის ბოლომდე ახალი თანამშრომლობები ჩამოყალიბდება.
ემანუელ მაკრონმა გააკრიტიკა რუსეთიც მას შემდეგ, რაც კრემლმა მოუწოდა საფრანგეთის პრეზიდენტს, არ დაემუქროს მათ ბირთვული რიტორიკით და პარალელები გაავლო ნაპოლეონის მიერ რუსეთის დაპყრობის წარუმატებელ მცდელობასთან.
„მე კარგად ვიცნობ პრეზიდენტ პუტინს, ასე რომ, თუ ის ასე რეაგირებს, ეს იმიტომ, რომ მან იცის, მე სიმართლე ვთქვი. მე ვიცი, რომ მას შეუძლია უღალატოს შეთანხმებებს, რომლებსაც ხელს აწერს, რადგან მას ეს უკვე გაუკეთებია“, – აღნიშნა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ის მზად არის, ესაუბროს ვლადიმერ პუტინს მაშინ, როდესაც უკრაინის პრეზიდენტი და ევროპელი პარტნიორები ჩათვლიან, რომ სწორი დრო იქნება.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 6 მარტს დებატების გახსნის წინადადებით გამოვიდა იმის შესახებ, რომ საფრანგეთმა თავისი ბირთვული შემაკავებლით ევროპულ კონტინენტზე სხვა მოკავშირეების დაცვა დაიწყოს.