ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ მზადაა, განიხილოს ბირთვული იარაღით აღჭურვილი თვითმფრინავების ევროკავშირის ქვეყნებში განთავსების შესაძლებლობა
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მზადაა, განიხილოს ბირთვული იარაღით აღჭურვილი თვითმფრინავების ევროკავშირის ქვეყნებში განთავსების შესაძლებლობა. ამის შესახებ მან ტელეარხ TF 1-ის ეთერში განაცხადა.
„ჩვენ მზად ვართ, დავიწყოთ ეს განხილვები“, – თქვა მაკრონმა.
საფრანგეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ აშშ-მა მსგავსი გზით უკვე გაშალა „ბირთვული ქოლგა“ ევროპის ტერიტორიაზე.
ამავე დროს, მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი უსასყიდლოდ ან საკუთარი ხარჯით არ აპირებს ევროკავშირის სხვა ქვეყნებში ბირთვული იარაღით აღჭურვილი თვითმფრინავების დისლოცირებას და, ასევე, არ გაიტანს ქვეყნის საზღვრებს გარეთ შეიარაღებას, რომელიც საფრანგეთს საკუთარი თავდაცვისთვის ესაჭიროება.
„საფრანგეთი არ გადაიხდის სხვების უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა მაკრონმა.
ცნობისთვის, 7 მაისს გერმანიის ახალმა კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა მაკრონთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მზადაა, ბირთვული შეკავების საკითხები ევროპელ მოკავშირეებთან განიხილოს.