ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ „დიდი შვიდეულის“ სამიტზე ეგვიპტის, საუდის არაბეთის, კატარისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერებს, ასევე უკრაინის პრეზიდენტს მოიწვევს
ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ „დიდი შვიდეულის“ სამიტზე ეგვიპტის, საუდის არაბეთის, კატარისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერებს, ასევე უკრაინის პრეზიდენტს მოიწვევს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მომავალ კვირას „დიდი შვიდეულის“ სამიტზე მიიწვევს ეგვიპტის, საუდის არაბეთის, კატარისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერებს, ასევე უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის.

მაკრონის თქმით, სხდომა ძირითადად ჰორმუზის სრუტის საკითხს დაეთმობა, რაც, მისივე განმარტებით, რეალურ გავლენას ახდენს ეკონომიკაზე. კერძოდ, საწვავის ფასების სწრაფ ზრდაზე. ამასთან, სამიტზე განიხილება ირანთან მოლაპარაკებების საკითხიც.

როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, ვოლოდიმირ ზელენსკი სამიტში მონაწილეობას მიიღებს, რათა „დიდი შვიდეულის“ წევრებმა უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე საერთო პოზიცია შეიმუშაონ.

„ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ გვჭირდება „დიდი შვიდეულის“ ფარგლებში კონსენსუსის აღდგენა უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ომის სხვადასხვა ასპექტში“, – განაცხადა მაკრონმა.

სამიტი საფრანგეთის კურორტ ევიანში, ჟენევის ტბის სანაპიროზე გაიმართება.