ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ევროკავშირის 14 წევრი ქვეყანა მიგრანტების გადანაწილების ახალ მექანიზმზე შეთანხმდა
ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ევროკავშირის 14 წევრი ქვეყანა მიგრანტების გადანაწილების ახალ მექანიზმზე შეთანხმდა

ევროკავშირის 14 წევრი ქვეყანა მიგრანტების გადანაწილების ახალ მექანიზმზე შეთანხმდა. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. მისი თქმით, ახალი მექანიზმი სოლიდარობის პრინციპზე იქნება დაფუძნებული. მიგრანტების გადანაწილების საკითხზე ევროკავშირის 14 ქვეყნის საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა მინისტრებმა პარიზში იმსჯელეს. მიგრანტების გადანაწილების გეგმის ინიციატორები საფრანგეთი და გერმანია არიან.

„დღევანდელი შეხვედრის დასკვნა არის ის, რომ 14-მა წევრმა სახელმწიფომ ამ ეტაპზე ფრანგულ-გერმანულ დოკუმენტზე თანხმობა გამოხატეს“, – განუცხადა ემანუელ მაკრონმა ჟურნალისტებს.

საფრანგეთის პრეზიდენტს ახალი მექანიზმის დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ ახალი ინიციატივა იქნება „სწრაფი“ და „ავტომატური“.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში არ მონაწილეობდა იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრი მატეო სალვინი, რომელიც ანტიმგრაციული პოლიტიკით გამოირჩევა.

თავშესაფრის მაძიებელთა გადანაწილების ახალ მექანიზმზე ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმების მიღწევას გასულ კვირას, ფინეთში გამართულ შეხვედრაზეც ცდილობდნენ.

პარიზში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ემანუელ მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ საფრანგეთმა თხოვნით მიმართა ლიბიის მთავრობას, რათა უზრუნველყოს, რომ ლიბიაში მიგრანტები აღარ დააპატიმრონ და მათი უსაფრთხოებისთვის შესაბამისი ზომები მიიღონ.