„ესოშიეითიდ პრესი“ – ნატო მაღალი დონის შეხვედრების რაოდენობას ამცირებს და ალბანეთში დაგეგმილ ლიდერთა სამიტს აღარ გამართავს
ნატო მაღალი დონის შეხვედრების რაოდენობას ამცირებს და მომავალი წლისთვის ალბანეთში დაგეგმილ ლიდერთა სამიტს აღარ გამართავს. გადაწყვეტილება ალიანსის შიგნით თავდაცვის ხარჯების, ირანისა და უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხებზე არსებული უთანხმოების ფონზე მიიღეს.
ამის შესახებ „ესოშიეითიდ პრესი“ წერს.
ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა, ედი რამამ განაცხადა, რომ სამიტის ჩატარების თარიღზე ალიანსის წევრებს საერთო პოზიცია ჯერ არ აქვთ და შეხვედრა 2027 წელს არ გაიმართება. მისი თქმით, სამიტი 2028 წელს თუ ჩატარდება, მას ალბანეთის დედაქალაქი ტირანა უმასპინძლებს.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ „ესოშიეითიდ პრესთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ალიანსი სამიტების ჩატარების საკითხში მოქნილია და შეხვედრებს საჭიროების შესაბამისად მართავს.
„ნატო-ს სამიტების მიმართ მოქნილი მიდგომა გვაქვს. სამიტებს მაშინ ვმართავთ, როდესაც ამის საჭიროება არსებობს“, – განაცხადა რუტემ და აღნიშნა, რომ მომდევნო შეხვედრაც საჭიროების შემთხვევაში გაიმართება.
როგორც რუტემ განაცხადა, სამიტის მასპინძლობა მნიშვნელოვან ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
„ასეთი ღონისძიებების დროს უსაფრთხოების უზრუნველყოფას ყოველთვის დიდი რესურსი სჭირდება. 32 მოკავშირე ქვეყნის ლიდერების, პარტნიორი სახელმწიფოებისა და ჩვენი ინდო-წყნარი ოკეანის პარტნიორების, მათ შორის იაპონიის, სამხრეთ კორეის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის წარმომადგენლების შეკრება ძვირად ღირებული ღონისძიებაა“, – განაცხადა რუტემ.
თუმცა, კითხვაზე, ღირს თუ არა ასეთი ხარჯების გაწევა, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა უპასუხა, რომ „ღირს“.