ელზა ჯგერენაია - უახლოეს დღეებში უფრო ობიექტური ინფორმაცია დაიდება, ტრაგედია სამთო დარტყმებით იყო გამოწვეული, თუ სხვა მიზეზებით
ელზა ჯგერენაია - უახლოეს დღეებში უფრო ობიექტური ინფორმაცია დაიდება, ტრაგედია სამთო დარტყმებით იყო გამოწვეული, თუ სხვა მიზეზებით

მინდელის შახტში, ტრაგედიის ადგილზე პირველადი მოკვლევა არ დასრულებულა და დათვალიერება დღეს სრულყოფილად ვერ მოხდა, ვინაიდან არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, ჩვენი ჯგუფის დაშვება მხოლოდ ოცი მეტრის დაშორებით მოხდა, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ელზა ჯგერენაიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„ჩვენს ინსპექტორებთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ საგამოძიებო ჯგუფის წარმომადგენლები და ექსპერტები. მოკვლევით სამუშაოებს გავაგრძელებთ. პირველადმა მონაცემებმა გააჩინა კითხვები, რომელიც სხვადასხვა დოკუმენტაციის მოთხოვნას ეხება. ამ დოკუმენტაციის შესწავლა დაწყებულია და უახლოეს დღეებში უფრო ობიექტური ინფორმაცია დაიდება, რაც მიზეზ–შედეგობრივ კავშირს დაადგენს, ტრაგედია სამთო დარტყმების შედეგად იყო გამოწვეული, თუ სხვა მიზეზებით“, – განაცხადა ჯგერენაიამ

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, გასულ წელს შემოწმების შედეგად რა ხარვეზები აღმოაჩნდა კომპანია „საქნახშირს“, რაც განმეორებით შემოწმებისას სრულად გამოსწორებული არ იყო და რამდენად შეეძლო ამ დარღვევებს დღევანდელი ტრაგედია გამოეწვია, ელზა ჯგერენაიამ აღნიშნა, რომ სამუშაო ადგილებზე საფრთხეების იდენტიფიცირება წინასწარ უნდა მოხდეს და სამთო დარტყმებს ადგილი ჰქონდა თუ არა, ეს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან, რომ უსაფრთხოების ნორმები დაიცვას.

„გასულ წელს შემოწმებისას კომპანიას დარღვევები სხვადასხვა მიმართულებით ჰქონდა, რაც შრომის უსაფრთხოების ნორმებს და მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების ნორმების შესრულებას ეხებოდა. იყო გარკვეული სახის დარღვევები, რაც კომპანიამ გაითვალისწინა, ხარჯებიც გასწია და მათ ეტაპობრივ გამოსწორებაზე ადმინისტრაცია სამუშაოებს გეგმავდა“, – განაცხადა ელზა ჯგერენაიამ.

დატოვე კომენტარი