ელზა ჯგერენაია - არსებობს მექანიზმები, რომლითაც გაკონტროლდება შრომის ინსპექტორების საქმიანობა, რათა კორუფცია გამოირიცხოს
ელზა ჯგერენაია - არსებობს მექანიზმები, რომლითაც გაკონტროლდება შრომის ინსპექტორების საქმიანობა, რათა კორუფცია გამოირიცხოს

სისტემაში არსებობს მექანიზმები, რომლითაც შრომის ინსპექტორების საქმიანობა გაკონტროლდება, რათა კორუფცია გამოირიცხოს, – განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ელზა ჯგერენაიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით მონიტორინგის განსახორციელებლად, საკმარისია თუ არა 25 შრომის ინსპექტორი და ექნებათ თუ არა მათ შესაბამისი კვალიფიკაცია, ელზა ჯგერენაიამ აღნიშნა, რომ ამდენივე ინსპექტორი არის სარეზერვო სიაში, რაც საკმარისი არ არის, მაგრამ ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება, რაც ინსტიტუტის გაძლიერების ტენდენციას ადასტურებს.

„რაც შეეხება კადრების გადამზადებას, ამაში მხარს გვიჭერს შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია. ტრენინგები დღემდე მიმდინარეობს და კადრების კრიზისი ნამდვილად არ იქნება“, – განაცხადა ჯგერენაიამ

ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ასევე აღნიშნა, რომ შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონს ახალ ეტაპზე გადაჰყავს შრომითი ურთიერთობები, რომელიც კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე იქნება აგებული.

„ამაში ჩართული იქნებიან არა მხოლოდ დამსაქმებელი და საზედამხედველო ორგანოები, არამედ ორგანიზებული შრომის წარმომადგენლები. ეს ფორმატი ხელს შეგვიწყობს, წამოჭრილი მწვავე საკითხები გადაწყდეს“, – განაცხადა ელზა ჯგერენაიამ.