ელვინ ტერასა და „საბურთალოს“ ექვსწლიანი ურთიერთობა დასრულდა, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„საბურთალოს“ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, თუ რა გახდა გუნდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშის წასვლის მიზეზი.
„კენიელ ნახევარმცველს „საბურთალოსთან“ კონტრაქტი დაუმთავრდა და კარიერას სხვაგან გააგრძელებს. ელვინმა ბოლო ოფიციალური მატჩი ჩვენი გუნდის ფორმით, წყალტუბოში „სამგურალთან“ გამართა და კლუბს დაემშვიდობა“, – წერია „საბურთალოს“ განცხადებაში.
24 წლის კენიელი ფეხბურთელი „საბურთალოში“ 2015 წლიდან ირიცხებოდა. საყრდენმა ნახევარმცველმა 154 ჩატარებულ მატჩში მეტოქეთა კარი ცხრაჯერ აიღო.
საინტერესოა, რომ ელვინ ტერას მსგავსად, ერთ ქართულ გუნდში ასე ხანგრძლივად არც ერთ ლეგიონერს არ უთამაშია. უფრო დიდხანს, 8 წელი ქართულ მოედნებზე რაფაელ ჩუკვურა თამაშობს, მაგრამ მან ამ პერიოდში 9 გუნდი შეიცვალა.
შეგახსენებთ, რომ ახლახანს „საბურთალო“ გიორგი კოხრეიძემაც დატოვა და ის საფრანგეთში ლიგა 2-ის „გრენობლს“ შეუერთდა. ფაქტობრივად, ვინც „საბურთალო“ გააჩემპიონა, საქართველოს თასი და სუპერთასი მოაპოვებინა, კლუბი დატოვეს. შემადგენლობა განახლდა, მაგრამ გუნდი მაინც სამეულში მოსახვედრად იბრძვის.