ელიზაბეტა გარდინი - საქართველოს დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეჩერება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში იქნება სერიოზული შეცდომა, რაც ქმნის ასამბლეის პრინციპებთან მეტად დაშორების რისკებს
ელიზაბეტა გარდინი - საქართველოს დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეჩერება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში იქნება სერიოზული შეცდომა, რაც ქმნის ასამბლეის პრინციპებთან მეტად დაშორების რისკებს

არ ვიზიარებთ ინიციატივას, რომელიც საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების შეჩერებას ითვალისწინებს. ეს იქნება სერიოზული შეცდომა, რომელიც ქმნის ქვეყნის იზოლაციის და იმ პრინციპებთან უფრო მეტად დაშორების რისკებს, რომლებსაც ეყრდნობა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა, ელიზაბეტა გარდინიმ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ასამბლეის წევრებს გულწრფელად სჯერათ, რომ საქართველოს დელეგაცია მალე დაბრუნდება, რადგან მიუხედავად იმისა, რომ პოზიციები განსხვავდება, დიალოგი ყოველთვის სჯობს დუმილს.

„ვფიქრობ, შეშფოთება გაიზარდა და უნდა ვაღიაროთ დემოკრატიული უკუსვლის ნიშნები, ინსტიტუციური სირთულეები, როდესაც საქმე ეხება მოქალაქეების სრულად გარანტირებულ ფუნდამენტურ უფლებებს. არცერთი ეს არ დაგვტოვებს გულგრილს და ამ მიზეზების გამო, ჩვენ გვჯერა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსთან დიალოგი რჩება ღია დიალოგად. რთული დროა და დებატები კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია. ასე რომ, ჩვენ არ ვიზიარებთ ინიციატივას, რომელიც საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების შეჩერებას ითვალისწინებს. ეს იქნება სერიოზული შეცდომა, რომელიც ქმნის ქვეყნის იზოლაციის და იმ პრინციპებთან კიდევ უფრო მეტად ჩამოშორების რისკებს, რომლებსაც ეყრდნობა ეს ასამბლეა.

ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ საქართველოს მთავრობაზე, არამედ ქართველ ხალხზე, რომელიც იმედით უყურებს ევროპას, სამოქალაქო საზოგადოებაზე, რომელიც აქტიური და მამაცია, უამრავ ახალგაზრდაზე, რომელიც იბრძვის ღირებულებებისთვის, რომლებსაც ჩვენ ვიზიარებთ: თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა. ვფიქრობ, მათ უნდა იგრძნონ ჩვენი სიახლოვე და მხარდაჭერა. ღია დიალოგის შენარჩუნება არ ნიშნავს მოქმედების თავისუფლების გაფორმებას საქართველოს მთავრობისთვის, რომ შემცირდეს დემოკრატიული პრინციპები, პირიქით. ახალგაზრდა დემოკრატიას, როგორიც არის საქართველო, არ უნდა ჰყავდეს პოლიტიკური პატიმრები, როდესაც მთავრობას ეშინია საკუთარი მოქალაქეების. ამას ეფუძნება დემოკრატიული ლეგიტიმაცია. ამ თვალსაზრისით, მას უნდა ჰქონდეს სიმამაცე, აღიდგინოს ნდობა და სახე და ეს თუ არ შეუძლია, მას უნდა ჰქონდეს სიმამაცე, დანიშნოს ახალი არჩევნები“, – აღნიშნა გარდინიმ.

მისივე თქმით, ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მოუსმინოს ასამბლეის რეკომენდაციებს, გაითვალისწინოს „ვენეციის კომისიის“ მოსაზრებები და, განსაკუთრებით, მოისმინოს სამოქალაქო საზოგადოების ხმა.

„ჩვენ გულწრფელად გვჯერა, რომ საქართველოს დელეგაცია მალე დაბრუნდება, რადგან მიუხედავად იმისა, რომ პოზიციები განსხვავდება, დიალოგი ყოველთვის დუმილზე უმჯობესია. მოსაზრებების გაცვლა, დებატები, თუ ეს გულწრფელია, არის პირველი ნაბიჯი საერთო გადაწყვეტისკენ. ჩვენი მიდგომა არის დაბალანსებული და სერიოზული, მაგრამ ჩვენ არასდროს დავუხურავთ კარს მათ, ვინც მზად არის, გააუმჯობესოს ვითარება, რათა გამოასწოროს სიტუაცია ამ ასამბლეის ღირებულებებთან მიახლოებით. ასე რომ, ჩვენ უნდა ვითამაშოთ ჩვენი როლი არა იმისთვის, რომ ვასიამოვნოთ ან დავსაჯოთ, არამედ ერთად ავაშენოთ ევროპა, რომელიც არის უფრო სამართლიანი, თავისუფალი და მტკიცედ არის დარწმუნებული საკუთარ ფუნდამენტურ ღირებულებებში“, – აღნიშნა ელიზაბეტა გარდინიმ.