ელიზაბეთ რუდი - საქართველოს ახალი ინიციატივა სამშვიდობო პროცესზე პოზიტიურ გავლენას მოახდენს
ელიზაბეთ რუდი - საქართველოს ახალი ინიციატივა სამშვიდობო პროცესზე პოზიტიურ გავლენას მოახდენს

საქართველოშ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი აცხადებს, რომ საქართველოს ახალი ინიციატივა “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ” იქნება მნიშვნელოვანი და პოზიტიურ გავლენას მოახდენს სამშვიდობო პროცესზე.

როგორც ელიზაბეთ რუდმა განაცხადა, აშშ სრულიად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ახალ ინიციატივას, რომ გაამყაროს თავისი ტერიტორიული მთლიანობა. გვჯერა, ეს ინიციატივა, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებთათვის ვაჭრობის გამარტივებასა და განათლების მიმართულებით ახალ შესაძლებლობებს გულისხმობს, იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი.  ვფიქრობთ, იგი ახალ, პოზიტიურ გავლენას მოახდენს სამშვიდობო პროცესზე”, – განაცხადა რუდმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა 4 აპრილს, მთავრობის სხდომაზე ახალი სამშვიდობო ინიციატივა – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ წარადგინა, რომელიც სამ მიმართულებას გულისხმობს: პირველი მიმართულება – ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის გაფართოება და გამარტივება ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით; მეორე მიმართულება – ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა და წვდომის გამარტივება განათლების ყველა საფეხურზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ; მესამე მიმართულება კი, ისეთი მექანიზმის შექმნაა, რომლითაც მარტივდება წვდომა იმ სიკეთეებსა და სარგებელზე, რომლებიც ქვეყნის განვითარების შედეგად, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე ხელმისაწვდომი გახდა  – უვიზო მიმოსვლის უფლება, თავისუფალი ვაჭრობის უფლება.