ელიზაბეთ რუდი - მივესალმები, რომ მმართველი პარტია მოლაპარაკების მაგიდასთან საარჩევნო სისტემის ახალი შეთავაზებით მოვიდა
ელიზაბეთ რუდი - მივესალმები, რომ მმართველი პარტია მოლაპარაკების მაგიდასთან საარჩევნო სისტემის ახალი შეთავაზებით მოვიდა

მივესალმები, რომ მმართველი პარტია მოლაპარაკების მაგიდასთან საარჩევნო სისტემის ახალი შეთავაზებით მოვიდა, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა განაცხადა, რომელიც დღეს ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრას ესწრებოდა.

მისი თქმით, შეხვედრაზე შეთავაზების შესახებ  მხარეებმა თავიანთი მოსაზრებები გაცვალეს.

„მინდა აღვნიშნო, რომ ეს დიალოგი არის ამ ფორმატის ღირებულების კიდევ ერთი დემონსტრირება, რადგან ოპოზიციის წარმომადგენლები და მმართველი ძალა განიხილავენ პრობლემებს, გამოწვევებს, რომლებსაც ამ კრიტიკულ სიტუაციაში ვხვდებით.

მე მივესალმები ფაქტს, რომ მმართველი პარტია მოლაპარაკების მაგიდასთან საარჩევნო სისტემის ახალი შეთავაზებით მოვიდა. მხარეებმა ამ შეთავაზებასთან დაკავშირებით გაცვალეს აზრები. დღეს შეთანხმება არ მიღებულა, თუმცა ყველა დაეთანხმა იმას, რომ დიალოგი იანვარში გაგრძელდეს. უნდა გაგრძელდეს სერიოზული მუშაობა და მხარეების მხრიდან უნდა გამოვლინდეს კეთილი ნება, კომპრომისის სურვილი“, – განაცხადა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

ამასთან, ელიზაბეთ რუდის თქმით, ქუჩაში გამოსვლების დროს კანონის უზენაესობა დაცული უნდა იყოს.

მმართველი გუნდი პარლამენტში მაჟორიტარული მანდატების შემცირების ინიციატივით გამოდის. „პოლიტიკურ სპექტრს ჩვენ ვთავაზობთ ინიციატივას, შევინარჩუნოთ მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა, თუმცა ორ მესამედამდე გავზარდოთ პროპორციულობის წილი ამ სისტემაში. ამ ინიციატივაზე შეთანხმების შემთხვევაში, პროპორციული წესით ავირჩევთ 100 დეპუტატს, ნაცვლად 77-ისა, ხოლო მაჟორიტარული მანდატები 50-დე შემცირდება. შესაბამისად, იქნება 100 პროპორციული მანდატი მომავალ პარლამენტში, თუ ეს შეთანხმება შედგა და იქნება 50 მაჟორიტარული მანდატი“,  – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგზე, რომელიც ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების დიალოგის მეოთხე რაუნდის შემდეგ გაიმართა.