ელიზაბეთ რუდი - დარწმუნებული ვარ, კელი დეგნანი საქართველო-ამერიკის ურთიერთობების განვითარების ძლიერი მხარდამჭერი იქნება 
ელიზაბეთ რუდი - დარწმუნებული ვარ, კელი დეგნანი საქართველო-ამერიკის ურთიერთობების განვითარების ძლიერი მხარდამჭერი იქნება 

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩობის კანდიდატმა კელი დეგნანმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს და იმუშავებს საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გასაღრმავებლად, ზოგადად ამერიკის ინტერესების მხარდასაჭერად საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა განაცხადა.

„საკითხები, რაზეც კელი დეგნანმა აქცენტი გააკეთა, არის პრიორიტეტი ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობების. ამ საკითხებზე მიმდინარეობს მუშაობა ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში. ის მოიცავს ყველა იმ საკითხს, რაც შეეხება დემოკრატიისა და მმართველობის გაძლიერებას საქართველოში.

რაც შეეხება მის ჩამოსვლას, დარჩა გარკვეული პროცედურები. საგარეო კომიტეტში უნდა შედგეს ხმის მიცემა, შემდგომ ხმის მიცემა უნდა განხორციელდეს სენატში და შესაბამისად, ამ ყველა პროცედურის დასრულების შემდგომ, იგი ჩამოვა და ოფიციალურად შეუდგება მუშაობას“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

კითხვაზე, რამდენად ძლიერი მხარდაჭერა ექნება საქართველოს ახალი ელჩის პირობებში, ელიზაბეთ რუდი ამბობს, რომ კელი დეგნანი ძალიან გამორჩეული და გამოცდილი დიპლომატია, რომელსაც დიპლომატიის სფეროში 26-წლიანი გამოცდილება აქვს.

„დარწმუნებული ვარ, იგი იქნება საქართველოს და ზოგადად საქართველო-ამერიკის ურთიერთობების განვითარების ძლიერი მხარდამჭერი. რა თქმა უნდა, მათ შორის იქნება, ძლიერი მხარდაჭერა მედიის მიმართ, როგორც განსაზღვრულია საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაში. მრავალფეროვანი მედიაგარემო და მედია არის უაღრესად მნიშვნელოვანი დემოკრატიული განვითარებისა და ზოგადად დემოკრატიისთვის“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

საქართველოში აშშ-ის ელჩად წარდგენილ კელი დეგნანს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე მოუსმინეს. სიტყვით გამოსვლისას, სხვა საკითხებთან ერთად, ელჩობის კანდიდატმა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და ქვეყანაში მომავალ წელს დაგეგმილ არჩევნებზეც ისაუბრა.

„საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი იოლი არ ყოფილა და კიდევ ბევრია გასაკეთებელი ამ მიღწევების შესანარჩუნებლად და გასავითარებლად. ეს განსაკუთრებით ეხება პლურალისტული საკანონმდებლო ორგანოს წინ წაწევას, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემას, მედიის მრავალფეროვნებასა და აქტიურ სამოქალაქო სექტორს. დემოკრატიის პრინციპებისა და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. ჩემი დამტკიცების შემთხვევაში, მზად ვარ, ვიმუშავო ყველა პოლიტიკურ მოთამაშესთან საქართველოში, რათა დავრწმუნდე, რომ მომავალ წელს დაგეგმილი არჩევნები იქნება სამართლიანი და თავისუფალი“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

 

დატოვე კომენტარი