ელიზაბეთ რუდი - ძალიან გვიხარია, რომ დიალოგი დაიწყო 
ელიზაბეთ რუდი - ძალიან გვიხარია, რომ დიალოგი დაიწყო 

ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ დიალოგი დაიწყო, მიგვაჩნია, რომ ეს დიალოგი იქნება შესაძლებლობებისა და გადაწყვეტილების მოძებნის საშუალება, ვიდრე რამე ვარიანტის გამორიცხვა, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა განაცხადა.

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრაში მონაწილეობს, რომელიც სასტუმრო „ბილტმორში“ იმართება დიპლომატების მონაწილეობით.

„როგორც გახსოვთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირთან ერთად, გამოთქვა იმედი და მოუწოდა დიალოგისკენ მას შემდეგ, რაც 2020 წლისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ვერ მოხერხდა.  ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ეს დიალოგი დღეს დაიწყო. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული დიალოგი იქნება შესაძლებლობებისა და გადაწყვეტილების მოძებნის საშუალება, ვიდრე რამე ვარიანტის გამორიცხვა. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს USAID-ის მეშვეობით აღნიშნულ შეკრებას და ასევე, ძალიან მოხარული ვართ, რომ შეხვედრაზე წარმოდგენილი არიან ვენეციის კომისიის წევრები, რომლებიც გააზიარებენ საკუთარ რჩევებსა და საექსპერტო შეხედულებებს. ჩვენც აქ ვართ, რათა მხარი დავუჭიროთ ამ პროცესს. აქ არიან ევროკავშირის დელეგაციის ელჩი და გერმანიის ელჩი“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი მიიჩნევს, რომ შეხვედრის მონაწილეები გამოავლენენ ერთგულებას საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და საუკეთესო გადაწყვეტილების მიღების კუთხით.

„ვფიქრობ, შეხვედრის მონაწილეები გამოავლენენ იმას, რომ ქართულ საზოგადოებას შეუძლია, დაეყრდნოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ასევე შეხვედრის მონაწილეები გამოავლენენ საკუთარ ერთგულებას საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ და საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებაზე“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

დატოვე კომენტარი