ელისო ბოლქვაძე - საქართველო სოციალურად მძიმე მდგომარეობაშია, მე თვითონ ვხედავ ადამიანებს, რომლებიც ნაგავში იქექებიან, მაგრამ ასეთი რამ პარიზშიც ხდება
ელისო ბოლქვაძე - საქართველო სოციალურად მძიმე მდგომარეობაშია, მე თვითონ ვხედავ ადამიანებს, რომლებიც ნაგავში იქექებიან, მაგრამ ასეთი რამ პარიზშიც ხდება

საქართველო სოციალურად მძიმე მდგომარეობაშია, მე თვითონ ვხედავ ადამიანებს, რომლებიც ნაგავში იქექებიან, მაგრამ ასეთი რამ პარიზშიც ხდება, – ამის შესახებ კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ საარსებო მინიმუმის შემცირებასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, პანდემიის გამო, მთელი მსოფლიო კატასტროფის წინაშე დადგა და ბევრ ქვეყანას გაუჭირდა.

„საქართველო სოციალურად მძიმე მდგომარეობაშია. ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, მთელი მსოფლიო დადგა კატასტროფის წინაშე. იმით სპეკულირება, რომ ვაიმე, საქართველოში საარსებო მინიმუმი ხუთი ლარით რატომ შემცირდა, ეს გამოკვლევის თემაა. არ ვიცი, რომელ გამოკვლევას ეყრდნობით. სხვა გამოკვლევებიც არის საჭირო. იცით ისეთი ქვეყანა, სადაც არ არის გაჭირვება? ბევრ ქვეყანაშია გაჭირვება. ტელევიზიამ თავის დროზე ძალიან ცუდად აიტაცა ჩემი ნათქვამი, როდესაც პირველად ჩამოვედი და ეს რა თქვაო, მსყიდველუნარიანი როგორ არის საქართველო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის ძალიან დიდი ამპლიტუდა მდიდრებს და ღარიბებს შორის და არ არის საშუალო ფენა, მსოფლიო პრობლემაა. მე იმას არ ვამბობ, რომ არ არის გაჭირვება, როგორ არ არის გაჭირვება, ადამიანებს მე თვითონ ვუყურებ, რომლებიც ბევრჯერ ნაგავში იქექებიან და ვიცი, ეს რაც არის, მაგრამ პარიზშიც არის ეგეთები.

მთავრობამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ხალხის მდგომარეობა გამოსწორდეს. მთავრობას ძალიან ბევრი რამე აქვს გაკეთებული. სოციალურ პროგრამებში კარგად ჩაიხედეთ და მაშინ ნახავთ, რომ „ქართული ოცნების“ მოღვაწეობის დროს ძალიან ბევრი სოციალურად მნიშვნელოვანი პროექტია განხორციელებული.

ნამდვილად ძალიან ცოტაა 178 ლარი, მაგრამ იმისთვის, რომ არ იყოს 178 ლარი, არ უნდა დაიხოცონ ადამიანები, უნდა იყოს წყნარი ცხოვრება, არ უნდა იყოს წარამარა გამოსვლები, რომელიც აფრთხობს ტურისტებსაც, ეკონომიკასაც და ანგრევს ქვეყანას“, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.