ელისო ბოლქვაძე - რეფორმის გარეშე წინსვლა არ არსებობს, კულტურის ხალხმა ეს კარგად უნდა გაიგოს, წულუკიანის მუშაობა წარმატებული იქნება
ელისო ბოლქვაძე - რეფორმის გარეშე წინსვლა არ არსებობს, კულტურის ხალხმა ეს კარგად უნდა გაიგოს, წულუკიანის მუშაობა წარმატებული იქნება

თეა წულუკიანთან პირველი შეხვედრა გვქონდა, განვიხილეთ უკვე შემუშავებული რამდენიმე საკითხი, რომელსაც დეტალურად ძალიან მალე გაგაცნობთ, – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კულტურის სფეროში ძალიან ბევრი სამუშაოა შესასრულებელი. როგორც ბოლქვაძე ამბობს, უპირველესად, კულტურა ხალხს უნდა ემსახურებოდეს. სწორედ ამიტომ, ბოლქვაძის თქმით, სახელოვნებო განათლების კუთხით, რეფორმები აუცილებლად განხორციელდება.

„კულტურაში ძალიან ბევრი სამუშაოა. პირველი რიგის ამოცანაა, რომ კულტურა იყოს ყველასთვის მისაწვდომი და ემსახურებოდეს ხალხს. აუცილებლად უნდა ელოდოთ რეფორმებს. აუცილებლად იქნება რეფორმები გასაკეთებელი სახელოვნებო განათლების კუთხით. შემუშავდება კულტურის კოდექსი, რომელიც ბევრ რამეს მოიცავს და იქნება ახალი სიტყვა, ახალი წინგადადგმული ნაბიჯი. რეფორმის გარეშე წინსვლა არ არსებობს, ეს კულტურის ხალხმა კარგად უნდა გაიგოს. რეფორმები გასაკეთებელია მომავალი თაობებისთვის. არ შეიძლება, ყველაფერი ერთ გაყინულ წერტილში იყოს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ თეა წულუკიანთან ერთად ვმუშაობ. კარგად ვიცი მისი სიღრმეები, თუ როგორ შეუძლია გაერკვიოს ყველა საკითხში. თეა წულუკიანი იქნება ძალიან წარმატებული. მას სხვადასხვა მიმართულებით ბევრი სიძნელის გადალახვა მოუხდება. მთავარი, რასაც ის გააკეთებს, იქნება ის, რომ განახორციელებს რეფორმებს. თეა წულუკიანი გააკეთებს ყველაფერს, რაც არის ქვეყნის ინტერესებში. მეც კომიტეტის ფარგლებში გავაკეთებ იმას, რაც ქვეყანას სჭირდება. კულტურის მიმართულებით არის რიგიდული, ძველი კანონები, ხოლო ახალი კანონები მორგებული იქნება ხალხის ინტერესებზე“, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.