ელისო ბოლქვაძე - გიორგი გახარიას ძალიან დიდ პატივს ვცემ, ის არის ქვეყნის პატრიოტი
ელისო ბოლქვაძე - გიორგი გახარიას ძალიან დიდ პატივს ვცემ, ის არის ქვეყნის პატრიოტი

დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც არის სხვადასხვა პოლიტიკური პარტია და დემოკრატიული სამყარო ახალ პარტიებსაც მიესალმება, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.

ბოლქვაძის განცხადებით, გიორგი გახარიას დიდ პატივს სცემს და აღნიშნა, რომ ის ქვეყნის პატრიოტია.

„დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც არიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები და დემოკრატიული სამყარო ახალ პარტიებსაც მიესალმება. ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. გიორგი გახარია რაზე ალაპარაკდება, არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს. მისი განცხადება ათი წუთის წინ გავიგე. გიორგი გახარიას ძალიან დიდ პატივს ვცემ, მასთან მქონდა მცირე, სხვადასხვა მიმართულებით საუბრები და ვფიქრობ, ის არის ქვეყნის პატრიოტი“, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ წავკისში ჟურნალისტებთან განაცხადა: „მიუხედავად იმისა, რომ უამრავი სხვადასხვა ჭორი დადიოდა, არსად წასვლას არ ვაპირებ. მეტიც – არც პოლიტიკიდან წავალ. რეალურად, გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს შესაძლებლობას და საშუალებას, უახლოეს პერიოდში ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ და მოგიყვეთ. ეს არის, დღეს რისი თქმაც მინდოდა. დროებით, მალე შევხვდებით“.