ელისო ბოლქვაძე 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში ცვლილებების განხილვისას  სსიპ-ების დაფინანსებით დაინტერესდა
ელისო ბოლქვაძე 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში ცვლილებების განხილვისას სსიპ-ების დაფინანსებით დაინტერესდა

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე კულტურის სამინისტროს ზოგიერთი სსიპ-ის მუშაობით უკმაყოფილოა და მიიჩნევს, რომ რამდენიმე მილიონი უმიზნოდ იხარჯება. ამის შესახებ მან კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა. გაერთიანებულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს გიორგი კაკაურიძეს უსმენდნენ, რომელიც „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ საუბრობდა.

ელისო ბოლქვაძე დაინტერესდა, რამდენი სსიპ-ი არსებობს კულტურის სამინისტროში და არის თუ არა ყველა მოქმედი.გიორგი კაკაურიძის თქმით, ამჟამად 82 სსიპ-ი არსებობს და ბევრი მათგანი არასრულყოფილად ფუნქციონირებს. კაკაურიძის თქმით, სსიპ-ების დაფინანსების მექანიზმია მოსაფიქრებელი. ელისო ბოლქვაძემ განაცხადა, რომ ამ საკითხის მოგვარებისთვის კოლეგებთან ერთად იბრძოლებს.

„არის სსიპ-ები, რომლებიც არ თვლიან თავს ვალდებულად, რომ შედეგი დადონ, რადგანაც იციან, რომ ეს ასეც იქნება და სახელმწიფო ყოველთვის ამას შეეგუება, ეს ვერ იქნება მომავალი საქართველოსთვის სწორი ხედვა. მე, როგორც კულტურის კომიტეტი თავმჯდომარე, გარანტიას გაძლევთ, რომ ამისთვის ვიბრძოლებ ჩემს კოლეგებთან ერთად, რადგანაც ეს არის შეუძლებელი. ისეთი რაღაცები ვერ ფინანსდება, რაც პირიქით, კულტურას სწორედაც წარმოაჩენს და რომელიც მომართულია ქვეყნის განვითარებაზე. ეს რამდენიმე მილიონზე მეტია, რომელიც ჰაერში იფანტება და შედეგი არის ნული“, – აცხადებს ელისო ბოლქვაძე.