ელისაბედ მეორე მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, პლანეტისთვის უფრო უსაფრთხო და სტაბილური მომავალი შექმნან
ელისაბედ მეორე მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, პლანეტისთვის უფრო უსაფრთხო და სტაბილური მომავალი შექმნან

გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე გლაზგოს კლიმატურ კონფერენციაზე შეკრებილ მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, შექმნან უფრო უსაფრთხო, სტაბილური მომავალი პლანეტისთვის. ამის შესახებ დედოფალმა სპეციალურ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

ელისაბედ მეორის თქმით, სიმბოლურია, რომ კლიმატური კონფერენცია გლაზგოში იმართება, რომელიც ინდუსტრიული რევოლუციის ცენტრი იყო, ახლა კი წარმოადგენს ადგილს, სადაც კლიმატური ცვლილების პრობლემის მოგვარების გზებს ეძებენ.

„უახლოეს დღეებში მსოფლიოს აქვს შანსი, გაერთიანდეს საერთო მიზნისთვის, რაც გულისხმობს უფრო უსაფრთხო, სტაბილური მომავლის შექმნას ჩვენი ხალხისთვის და ჩვენი პლანეტისთვის, რომელზეც ჩვენ ყველა დამოკიდებული ვართ. ყველა ჩვენგანი სათანადოდ აფასებს ჩვენს წინ არსებულ გამოწვევებს: ისტორიამ აჩვენა, რომ როდესაც ერები ერთიანდებიან საერთო საქმისთვის, ყოველთვის ჩნდება იმედი. გვერდიგვერდ მუშაობით, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, გადავჭრათ ყველაზე გადაულახავი პრობლემები და გადავლახოთ უდიდესი დაბრკოლებები“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის დედოფალმა.

მონარქმა მოუწოდა მსოფლიოს ლიდერებს, დადგნენ პოლიტიკაზე მაღლა.

„ის, რასაც ლიდერები აკეთებენ თავიანთი ხალხისთვის დღეს, არის მართვა და პოლიტიკა. ხოლო რასაც ისინი აკეთებენ მომავალი თაობებისთვის – ეს არის სახელმწიფოს მართვის ხელოვნება. მე ვიმედოვნებ, რომ ეს კონფერენცია იქნება ის იშვიათი შემთხვევა, როდესაც ყველას ექნება შანსი, დადგეს ამ წუთიერ პოლიტიკაზე მაღლა და მიაღწიოს სახელმწიფოს მართვის ნამდვილ ხელოვნებას“, – აღნიშნა ელისაბედ მეორემ.