ელისაბედ მეორე კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით მოსახლეობისადმი მიმართვით წარდგება
ელისაბედ მეორე კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით მოსახლეობისადმი მიმართვით წარდგება

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე მოსახლეობისადმი მიმართვით წარდგება. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, უინძორის სასახლეში ჩაწერილი მიმართვა 5 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გადაიცემა.

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა უკვე 3 605 შეადგინა. სულ გამოვლენილია ინფიცირების 38 ათასზე მეტი შემთხვევა.

დედოფალი ელისაბედ მეორე მოსახლეობის წინაშე სატელევიზიო სიტყვით იშვიათად გამოდის, გარდა ყოველწლიური საშობაო მილოცვებისა. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ტახტზე ყოფნის 68 წლის განმავლობაში ელისაბედ მეორე სპეციალური მიმართვით მეხუთედ წარდგება.

გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე უკანასკნელად სპეციალური მიმართვით 2012 წელს მისი ინტრონიზაციის 60 წლისთავთან დაკავშირებით წარდგა. მისი წინა მიმართვა კი 2002 წელს იყო, როდესაც მან ბრიტანელებს დედა-დედოფლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრისთვის მადლობა გადაუხადა.

ელისაბედ მეორის კიდევ ორი მიმართვა 1991 წელს სპარსეთის ყურეში ომის დაწყებას და 1997 წელს პრინცესა დაიანას გარდაცვალებას უკავშირდებოდა.