ელიოტ აბრამსი - ვენესუელაში სამხედრო ინტერვენციაზე ბრალდებები მიუღებელია რუსეთისგან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული
ელიოტ აბრამსი - ვენესუელაში სამხედრო ინტერვენციაზე ბრალდებები მიუღებელია რუსეთისგან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული

გაერო-ს უშიშროების საბჭოში ვენესუელას კრიზისთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ვენესუელას საკითხზე, ელიოტ აბრამსი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხსაც შეეხო.

როგორც პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ვენესუელაში შექმნილი მძიმე პოლიტიკური და ჰუმანიტარული ვითარების შესახებ დებატებზე აშშ-ის წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლის მხრიდან გაჟღერებულ ბრალდებებს გამოეხმაურა:

„სრულიად მიუღებელია რუსეთის ფედერაციის მხრიდან ჩვენი მისამართით გამოთქმული ბრალდება, ვენესუელაში სამხედრო ინტერვენციასთან დაკავშირებით. ეს მიუღებელია იმ ქვეყნისგან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები: სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, ასევე უკრაინის  ტერიტორია – ყირიმი. განცვიფრებული ვარ საბჭოზე ამ ბრალდების მოსმენით“, – განაცხადა ელიოტ აბრამსმა.

მისი თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობას, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებს, დახმარების თხოვნით მიმართა ქვეყნის ლეგიტიმურმა ხელისუფალმა ხუან გუაიდომ, ხოლო რუსეთის დახმარება განკუთვნილია არა ხალხისთვის, არამედ მადუროს რეჟიმისთვის.