ელგუჯა მელაძე - უახლოეს პერიოდში ველოდებით მთავრობის ახალ დადგენილებას, რომელი დარგებისთვის იქნება დასაშვები საგანგებო სიტუაციაში საქმიანობა
ელგუჯა მელაძე - უახლოეს პერიოდში ველოდებით მთავრობის ახალ დადგენილებას, რომელი დარგებისთვის იქნება დასაშვები საგანგებო სიტუაციაში საქმიანობა

უახლოეს პერიოდში, შეიძლება დღესაც, ველოდებით მთავრობის ახალ დადგენილებას, თუ რომელი დარგებისთვის იქნება დასაშვები საქმიანობა საგანგებო სიტუაციაში. ბიზნესმა მკაფიოდ უნდა იცოდეს, თუ რომელ დარგებს და კომპანიებს შეუძლიათ საქმიანობის გაგრძელება საგანგებო ვითარებაში,- ამის შესახებ დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში საგანგებო მდგომარეობის, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში დაწესებული კარანტინისა და საყოველთაო კომენდანტის საათის პირობებში ბიზნესის გამოწვევები განიხილეს.

დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ დღეს ფაქტობრივად არ შემწყდარა ზარები არც „ბიზნესპარტნიორსა“ და არც დამსაქმებელთა ასოციაციაში, იმ გაურკვევლობის გამო, რაც მთავრობის 181-ე დადგენილებას მოჰყვა. დღეს მთავრობამ ე.წ. 181-ე დადგენილების ფარგლებში, რომელიც ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებს მოიცავს, გამოაქვეყნა იმ ეკონომიკური სუბიქტების სია, რომელთაც საქმიანობაც საგანგებო მდგომარეობის დროს დაშვებულია.

გადაცემის მსვლელობისას ხაზი გაესვა, რომ ბიზნესის მღელვარებას იწვევს ის ფაქტი, რომ აღნიშნული დადგენილება არ იძლევა მკაფიო სურათს, თუ რომელ დარგებსა და კომპანიებს შეუძლიათ საქმიანობის გაგრძელება საგანგებო ვითარების ფონზე. მათ შორის გაურკვეველია დისტანციური ვაჭრობის ე.წ. ონლაინ ვაჭრობის იმ სეგმენტის საკითხი, რომელიც სურსათითა და ჰიგიენური საშუალებებით არ ვაჭრობს.

დამსაქმებელეთა ასოციაციის პრეზიდენტის განმარტებით, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ორგანიზაცია მუდმივ კონტაქტზეა მთავრობასთან და უახლოეს პერიოდში ახალ, უფრო მკაფიო დადგენილებას ელოდება.

„არსებული მდგომარეობა, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი გამოწვევაა ბიზნესისთვის. ჩვენ მუდმივ კომუნიკაციის რეჟიმში ვართ საქართველოს მთავრობასთან, პრაქტიკულად ყველა სტრუქტურასთან ეს არის ერთ-ერთი თემა. კერძოდ ბიზნესმა მკაფიოდ უნდა იცოდეს, თუ რომელი სექტორის რა დარგის კომპანიებს აქვთ საქმიანობის შესაძლებლობა. რა თქმა უნდა იმ დადგენილებაში კონკრეტულად არ არის აღნიშნული რამდენიმე სექტორი, მათ შორის მიტანის სექტორი. თუმცა ამ ნაწილთან დაკავშირებით ჩვენ მთავრობასთან ვმუშაობთ. მთავრობას უკვე აქვს თავისი გარკვეული პოზიციები და ჩვენ ველოდებით ახალ დადგენილებას, ახალ შეთავაზებას, თუ რომელი დარგებისთვის იქნება ხელმისაწვდომი სამუშაო რეჟიმი ამ საგანგებო სიტუაციაში“, – განაცხადა მელაძემ.

მისი თქმით, კომპანიები სრულ მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ იმუშაონ ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვის იმ სტანდარტების მიხედვით, რაც ქვეყნის ჯანდაცვის სტრუქტურებმა დაადგინეს.

„მინდა, კომპანიების სახელით გითხრათ, რომ მათი მხრიდან მზადყოფნა ძალიან დიდია. დღეს ქვეყანაში მთავრობა თავის საქმეს აკეთებს, ექიმები, ჟურნალისტები და პოლიცია თავის საქმეს აკეთებენ. ამავე დროს მეწარმეები და დამსაქმებლებიც მზად არიან, გააკეთონ თავიანთი საქმე და თავისი ვალდებულები შეასრულონ იმ რეჟიმის პირობებში და იმ დაცვის პირობებში, რომელიც დღეს ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან არის დადგენილი. ამდენად, ჩვენ ველოდებით უახლოეს პერიოდში, შეიძლება დღესაც მივიღოთ ახალი დადგენილება, სადაც ზუსტად იქნება განსაზღვრული, რომელი დარგის კომპანიები შეძლებენ საქმიანობას“, – განუცხადა ელგუჯა მელაძემ „ბიზნესპარტნიორს“.