ელგუჯა მელაძე - თუ რომელიმე სექტორს საქმიანობის უფლება აქვს, მაშინ ეს უფლება ყველა მიმართულებით უნდა იყოს უზრუნველყოფილი 
ელგუჯა მელაძე - თუ რომელიმე სექტორს საქმიანობის უფლება აქვს, მაშინ ეს უფლება ყველა მიმართულებით უნდა იყოს უზრუნველყოფილი 

თუ რომელიმე სექტორს საქმიანობის უფლება აქვს, მაშინ ყველა მიმართულებით უნდა იყოს უზრუნველყოფილი ეს უფლება. რადგან, თუ ვახორციელებთ ინფრასტრუქტურულ პროექტს, მას სჭირდება შესაბამისი მიწოდება, სხვანაირად ვერ იმუშავებს, – ამის შესახებ დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა. ელგუჯა მელაძემ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში საგანგებო მდგომარეობის, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში დაწესებული კარანტინისა და საყოველთაო კომენდანტის საათის პირობებში ბიზნესის გამოწვევები განიხილეს.

დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ მთავრობის 181-ე დადგენილებას ბიზნესში სერიოზული მღელვარება მოჰყვა, რადგან არ არის მკაფიოდ გაწერილი, თუ რომელ დარგებისა და კომპანიების საქმიანობა დაიშვება საგანგებო მდგომარეობის დროს.

დამსაქმებელეთა ასოციაციის პრეზიდენტის განმარტებით, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ორგანიზაცია მუდმივ კონტაქტზეა მთავრობასთან და უახლოეს პერიოდში ახალ, უფრო მკაფიო დადგენილებას ელოდება, რადგან ე.წ. 181-ე დადგენილების გამო ბიზნესი უკვე წააწყდა სერიოზულ სირთულეებს.

„ჩვენ წავაწყდით ასეთ პრობლემას, რომ მაგალითად თუ არის კლინიკები, რომელთა გამართული ფუნქციონირებაც დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რასაკვირველია, საჭიროა იმ კომპანიების საქმიანობაც, რომლებიც ამ კლინიკების ნორმალურ ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სადეზინფექციო კომპანიების საქმიანობა, რომლებზეც ასევე არ არის აღნიშნული (დადგენილებაში). ჩვენ ვფიქრობთ, რომ ცოტა უხერხულია, რომელიმე სექტორში იყოს გარკვეული პრიორიტეტები. თუ ვამბობთ, რომ რომელიღაცა სექტორს საქმიანობის უფლება აქვს, მაშინ ყველა მიმართულებით უნდა იყოს უზრუნველყოფილი ეს უფლება. იმიტომ, რომ თუ ვახორციელებთ ინფრასტრუქტურულ პროექტს, მას სჭირდება შესაბამისი მიწოდება. დღეს გვქონდა საუბარი ძალიან ბევრ სამშენებლო მასალების მიმწოდებელ კომპანიასთან, ვინაიდან ისინი ვერ შეაჩერებენ საქმიანობას. მათ აქვთ ვალდებულებები ამ ინფრასტრუქტურული პროექტის განმახორციელებლ კომპანიებთან და შესაბამისად ვერც ერთი იმუშავებს და ვერც მეორე. ესეც არის გასათვასლისწინებელი“, – განაცხადა მელაძემ.

დისკუსიის დროს ასევე აღინიშნა, რომ კომენდანტის საათის გამო პრობლემები შეექმნა პროდუქტისა და საქონლის დისტრიბუციას რეგიონებში, რაც ტვირთის ღამით გადატანას მოითხოვს. ამიტომ, მელაძის თქმით, ბიზნესის თხოვნაა, არსებული კითხვის ნიშნები მოიხსნას, რათა მომავალში საქმიანობის გაგრძელება მოხერხდეს.

„საჭიროა, ვიცოდეთ, რამდენად იქნება ყველა ქმედება დროში გაწერილი, რადგან ამ რეჟიმში, როდესაც საწარმოები ძირითადად შეზღუდულია და მილევად რეჟიმში ინარჩუნებს წარმოებას, ითქვას, რა ვალდებულება აქვს დამსაქმებელს ამ შემთხვევაში. ეს არის ჩვენი ასოციაციის წევრი კომპანიების თხოვნა, რადგან კომპანიებს აქვთ სახელფასო ვალდებულება თანამშრომლების მიმართ, რომ შეინარჩუნოს ისინი. მეორე ვალდებულება აქვთ საფინანსო ინსტიტუტების მიმართ და კარგია, რომ მოხდება ამის გადავადება და აქვთ ვალდებულება გადასახადთან დაკავშირებით“, – განაცხადა მელაძემ.

მისი მოსაზრებით, ოპტიმალური გამოსავალი რომ იპოვონ, აუცილებელია როგორც მთავრობამ, ისე დამსაქმებლებმა განსაზღვრონ, რა არჩევანი წინაშე დგანან.

„რა ჯობია, შევინარჩუნოთ ადამიანები სამუშაო ადგილზე თუ ერთმნიშვნელოვნად გავჩერდეთ, გავუშვათ ეს ხალხი სახლში, რომლებსაც მერე სპეციალური სოციალური პაკეტი დასჭირდებათ უზრუნველსაყოფად? რომელი მიდგომა ჯობია ამ ვითარებაში? რისი შესაძლებლობა აქვს სახელმწიფოს? სწორედ ამიტომ არის დიალოგი მთავრობასა და მეწარმეებს შორის, რომ სწორად და ეტაპობრივად გადავდგათ ყველა ნაბიჯი“, – აღნიშნა მელაძემ.

მისი განმარტებით, ბიზნესი მზადაა, ასეთ კრიზისულ სიტუაციებში უსაფრთხოების ყველა ზომა დაიცვას, მაგრამ აუცილებელია იცოდეს, შეუძლია თუ არა საქმიანობის გაგრძელება.

„როდესაც ქვეყანაში თავის დროზე შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების პოლიტიკა შეიქმნა, უკვე ამით გვაქვს იმის ბაზისი, რომ ასეთ კრიზისულ სიტუაციებში დამატებითი ინსტრუქციებით სრულყოფა გავაკეთოთ და ეს უკვე გავაკეთეთ. კომპანიები დიდ აქტივობას იჩენენ ამასთან დაკავშირებით. ყველა აცხადებს, რომ ამ დღეების განმავლობაში იცავდნენ და მზად არიან კიდევ უფრო მკაცრად დაიცვან ყველა ის წესი და სტანდარტი, რაც ქვეყანაში ჯანდაცვის სტრუქტურის მიერ არის განსაზღვრული. მაგრამ უნდა გადავწყვიტოთ, რომელ სექტორს მიეცემა საქმიანობის უფლება და რომელი დროებით შეჩერდება, რადგან ბიზნესმა უნდა იცოდეს, როგორ დაგეგმოს“, – განუცხადა ელგუჯა მელაძემ „ბიზნესპარტნიორს“.