ელგუჯა ბაგრატიონი - ირაკლი ჩავლეიშვილი მოიქცა, როგორც სუს-ის აგენტი ან მასზე აღძრული იყო საქმე და მოხდა ზეწოლა
ელგუჯა ბაგრატიონი - ირაკლი ჩავლეიშვილი მოიქცა, როგორც სუს-ის აგენტი ან მასზე აღძრული იყო საქმე და მოხდა ზეწოლა

ის მოიქცა, როგორც უკანასკნელი მეძავი და სუს-ის აგენტი, ან მასზე აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე და მოხდა ზეწოლა, – ასე აფასებს „ნაციონალური მოძრობის“ წევრი ელგუჯა ბაგრატიონი მათი პარტიული სიით გასული დეპუტატის, ირაკლი ჩავლეიშვილის გადაწყვეტილებას, შევიდეს უმაღლეს საბჭოში.

ელგუჯა ბაგრატიონი ამბობს, რომ ჩავლეიშვილის ამ გადაწყვეტილებით ოპოზიციური ერთობა არ დაზარალებულა.

„ოპოზიციური ერთობა არ დარღვეულა. არც ერთი პარტია არ შედის უმაღლეს საბჭოში, მათ შეემატათ ერთი ქოცი დეპუტატი. ეს იყო ჩავლეიშვილის ინდივიდუალური გადაწყვეტილება. ის შევიდა, როგორც ინდივიდი. მან დატოვა რესპუბლიკური პარტიაც, რომლის გადაწყვეტილებითაც იგი პარტიულ სიაში შევიყვანეთ, მაგრამ „რესპუბლიკური პარტიის“ პოზიცია ცნობილია. პასუხისმგებლობა მხოლოდ ჩავლეიშვილს ეკისრება“, – განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ ჩავლეიშვილის გადაწყვეტილება იყო მოულოდნელი, რადგან მან, უმაღლეს საბჭოში არჩეულ სხვა ოპოზიციონერ დეპუტატებთან ერთად, უფლებამოსილების შეჩერებაზე უმაღლეს საარჩევნო კომისიაში განცხადებაც კი დაწერა, მაგრამ ეს განცხადებები ოპოზიციამ აღარ შეიტანა ელჩების შუამდგომლობით დაწყებული მოლაპარაკებების გამო.

„პარლამენტის შემთხვევისგან განსხვავებით, აჭარის კონსტიტუცია ითვალისწინებს არჩეული დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას უფლებამოსილების ცნობამდე. ჩავლეიშვილმა დაწერა განცხადება ჩვენთან ერთად, მაგრამ მოლაპარაკებების გამო განცხადებები უსკო-ში აღარ შეგვიტანია. ამის შემდეგ მან რამდენჯერმე დაადასტურა, რომ არ შედიოდა უმაღლეს საბჭოში, მაგრამ გუშინ საღამოს მოულოდნელად გამოაცხადა გადაწყვეტილება“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი კირთაძემ.

თავად ჩავლეიშვილი ამ დრომდე მედიასთან კონტაქტზე არ გამოდის.