ელექტროსიგარეტის სითხეები იმუნურ სისტემას საფრთხეს უქმნის - მკვლევართა გაფრთხილება
ელექტროსიგარეტის სითხეები იმუნურ სისტემას საფრთხეს უქმნის - მკვლევართა გაფრთხილება

თქვენი ელექტროსიგარეტის დარიჩინის ან ვანილის არომატმა შეიძლება სტრესის დონე შეგიმსუბუქოთ, მაგრამ იგევს თქმა შეუძლებელია თქვენი სისხლის თეთრ უჯრედებზე.

მსგავსი დასკვნა ამერიკელ მკვლევართა ჯგუფმა გამოიტანა, რომლებიც იკვლევდნენ აორთქლებადი არომატული დანამატების გავლენას ჯანმრთელობაზე. როგორც ჩანს, ეს დანამატები არც ისე უწყინარია, როგორც შეიძლება აქამდე მიგვაჩნდა.

დარიჩინს, ნაღებს, ვანილსა თუ კარამელს, მათთვის დამახასიათებელ სპეციფიკურ არომატს აძლევს ისეთი ბუნებრივი ქიმიური ნივთიერებები, როგორებიცაა დარიჩინის ალდეჰიდი, აცეტოინი, ორთო-ვანილინი და მალტოლი.

უკვე მრავალი წელის, ამ ყველაფერს ბედნიერად მივირთმევთ საკვებთან ერთად და არც არსებობს მტკიცებულება, რომ მათ რაიმე ცუდი გავლენა აქვთ ორგანიზმზე; შესაბამისად, ბევრს არც გასჩენია კითხვა, შეიძლება თუ არა, რომ იგივე ნივთიერებებს ორთქლის სახით ჩასუნთქვისას შეიძლება საფიხაფთო ეფექტები ჰქონდეს.

თუმცა, გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა კავშირი იყოს არომატულ ქიმიურ ნაერთებსა და სასუნთქ პირობებს, მაგალითად ბრონქიტს შორის, რამაც შეიძლება ჯანმრთელობის სერიოზული გაუარესება გამოიწვიოს.

იმის უკეთესად გასარკვევად, თუ რა ხდებოდა სინამდვილეში, აშშ-ის როჩესტერის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მეცნიერებმა, მონოციტების სახელით ცნობილი სისხლის თეთრი უჯრედები მოათავსეს ელექტრონული სიგარეტის შვიდ ყველაზე გავრცელებულ არომატში და აკვირდებოდნენ ჟანგვით სტრესს.

როგორც შედეგებმა აჩვენა, არსებობს იმის აშკარა საჭიროება, რომ შევიცვალოთ გავრცელებული აზრი ელექტროსიგარეტის არომატების უსაფრთხოობასთან დაკავშირებით.

მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ არომატები წარმოქმნიდა ნივთიერებებს, რომელსაც ჟანგბადის აქტიურ ფორმებს უწოდებენ — ნივთიერებები, რომლებიც როგორც ცნობილია, მაღალი კონცენტრაციის შემთხვევაში აზიანებენ უჯრედის სტრუქტურას.

თუმცა, არომატებში მოთავსებულმა უჯრედებმა ასევე წარმოქმნეს სასიგნალო ცილა ინტერლეიკინ 8 იმ კონცენტრაციით, რომელიც დოზის შესაბამისად გამოიყოფოდა.

ეს ცილა ქიმიური სირენის როლს ასრულებს სხვა იმუნური უჯრედებისათვის, რომლებსაც ის ინფექციისა თუ უჯრედული დაზიანების ადგილისკენ უხმობს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უჯრედები ეპასუხებოდნენ არომატების არსებობას, რადგან მათ სახიფათოდ აღიქვამდნენ.

და ბოლოს, არომატების ზოგადი ტოქსიკურობის გასარკვევად, ისინი დააკვირდნენ სხვადასხვა დანამატში მოთავსებულ უჯრედთა ზოგად ჯანმრთელობასა და სიცოცხლისუნარიანობას.
ზოგიერთი დანამატი სხვებთან შედარებით უფრო ტოქსიკური აღმოჩნდა, მაგრამ ყველაზე უფრო სახიფათო იყო მათი კომბინაცია.

„ყველაზე მომწამვლელი აღმოჩნდა დარიჩინის, ვანილისა და ნაღების არომატების ქიმიური ნაერთები, მაგრამ როგორც ჩვენმა კვლევამ ასევე აჩვენა, სისხლის თეთრი უჯრედებისათვის გაცილებით უფრო ტოქსიკური იყო ელექტროსიგარეტის ერთმანეთში შერეული არომატები“, — ამბობს ტოქსიკოლოგი თივანკა მუთუმალაგე.

ამ ყველაფერს ახალ დონეზე აჰყავს დებატები იმის შესახებ, თუ როგორ ვიმოქმედოთ იმ დროს, როცა საგრძნობლად გაიზრდა ძველებური სიგარეტიდან ელექტროსიგარეტზე გადასვლის ტენდენცია.

„ამჟამად, ეს პროცესი არ რეგულირდება და ახალგაზრდა მწეველებს იზიდავს ისეთი მაცდური არომატები, როგორებიცაა ტკბილეული, ნამცხვრები, დარიჩინი და სხვა უცნაური ნარევები“, — ამბობს კვლევის უფროსი ავტორი, ირფან რაჰმანი.

„ჩვენი სამეცნიერო აღმოჩენები აჩვენებს, რომ ელექტოსიგარეტის სითხეებს უნდა შეეხოს რეგულაცია და ამ სითხეების ბოთლებს უნდა დაეწეროს მათში შემავალი ყოველი ინგრედიენტი. მოქმედებისკენ მოვუწოდებთ სარეგულაციო სააგენტოებს, რათა დაცული იყოს საზოგადოებრივი ჯანდაცვა“.

რამდენიმე წლის წინ, აშშ-ის საკვებისა და წამლების ადმინისტრაციამ განაცხადა (FDA), რომ რეგულირებისთვის, ერთი და იგივე კანონები უნდა გავრცელდეს როგორც ჩვეულებრივ, ისე ელექტროსიგარეტზე.

თუმცა, შარშან, FDA-მ შეიმუშავა ახალი რეგულაციები, რომლებიც ფოკუსირებული იყო ნიკოტინდამოკიდებულების შემცირებაზე თამბაქოს აორთქლებადი ნაერთებისადმი კანონთა შემსუბუქების გზით.

მიუხედავად ამისა, მსგავსი კვლევები უდავოდ მიუთითებს რეგულაციებში სამომავლოდ შესატან ცვლილებებზე. ეჭვგარეშეა, რომ შემდეგი კვლევები უფრო მეტ ახალ დეტალს გამოამჟღავნებს იმასთან დაკავშირებით, თუ ზუსტად როგორ მოქმედებს ელექტრონული სიგარეტის ნებისმიერი სახის სითხე ჩვენს ორგანიზმზე.

კვლევა ჟურნალ Frontiers in Physiology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით

დატოვე კომენტარი