ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე My.gov.ge ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის შეთანხმება უკვე შესაძლებელია
ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე My.gov.ge ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის შეთანხმება უკვე შესაძლებელია

ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე – My.gov.ge ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის შეთანხმება უკვე შესაძლებელია.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა (სემეკი) და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თანამშრომლობით, ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალს ახალი მომსახურება დაემატა. სემეკ-ისა და კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, სერვისით ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგების ლიცენზიატები და საკომუნიკაციო სფეროს კომპანიები ისარგებლებენ.

სემეკ-ის განმარტებით, კომუნალური მომსახურებისა და კომუნიკაციის სფეროს კომპანიებს სერვისი საშუალებას აძლევს,  ელექტრონულად შეათანხმონ ქსელის ხაზობრივი ნაგებობის პროექტი როგორც ერთმანეთთან, ისე სხვა უფლებამოსილ პირებთან, შეთანხმების მიღწევის შემდეგ კი, მიმართონ შესაბამის მუნიციპალიტეტს საბოლოო თანხმობისთვის.

სემეკ-ის ინფორმაციით, ახალი მომსახურება მნიშვნელოვნად ამარტივებს ენერგეტიკისა და კომუნიკაციის სექტორებში დაგეგმილი სამუშაოების შესრულების პროცესს. ამასთანავე, ამცირებს თანხმობის მიღების ვადებს, რაც აუცილებელია როგორც ქვეყნის ელექტროენერგიით, ბუნებრივი გაზითა და სასმელი წყლით უსაფრთხო და სტაბილური მომარაგებისთვის, ასევე კომუნიკაციის სფეროში ხარისხიანი სერვისების მიღებისთვის.

ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე ხელმისაწვდომია საჯარო სექტორში არსებული 500-ზე მეტი სხვადასხვა კატეგორიის ელექტრონული მომსახურება, რომელთა მიღებაც დისტანციურად, სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად არის შესაძლებელი, მათ შორის ოფიციალური წერილების კორესპონდენციასთან დაკავშირებული მომსახურებები.

დატოვე კომენტარი