„ელექტრონული კომუნიკაციების“ კანონში ცვლილებები არ ეხება არც ერთ მედიას, მათ შორის, რეგიონულ მაუწყებლებს
„ელექტრონული კომუნიკაციების“ კანონში ცვლილებები არ ეხება არც ერთ მედიას, მათ შორის, რეგიონულ მაუწყებლებს

ინფორმაცია, თითქოს „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონში წარმოდგენილი ცვლილებები რაიმე კავშირშია მედიასთან და მაუწყებლებთან, არის ტყუილი. ცვლილებები შედის „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონში, რომელიც ეხება კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების მართვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრას, – აღნიშნული განმარტება კომუნიკაციების კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გააკეთა.

„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეს ცვლილებები არ ეხება „მაუწყებლობის შესახებ“ კანონს და შესაბამისად, კავშირი არ აქვს არც ცენტრალურ და არც რეგიონულ მედიასთან. მათ შორის, არც მულტიპლექს მაუწყებლებს. კანონპროექტის დღეს არსებული რედაქციითაც ცალსახაა, რომ ცვლილება არ ეხება არც ერთ მაუწყებელს, მათ შორის, არც რეგიონულს. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტში არსებული ჩანაწერით ძალიან მკაფიოდ ჩანს, რომ ცვლილებები შედის ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში, ცვლილებების მიღებამდე პარლამენტში მოხდება საჯარო განხილვები, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა, გამოთქვას მოსაზრება, განხილვების შედეგად თუ საჭიროდ მიიჩნევს, თავად პარლამენტი გააკეთებს ამ თემაზე დამატებით დაზუსტებას“, – განმარტავენ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში შედის ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტები, როგორიც არის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, საოპერაციო ტექნიკურ რესურსები, მთლიანად ელექტრონული კომუნიკაციებისთვის საჭირო რესურსები, რომელიც უზრუნველყოფს ფიქსირებულ ინტერნეტ და მობილურ მომსახურებებს. შესაბამისად, კანონპროექტები არანაირ შეხებაში არ არის მაუწყებლებთან.