ელექტრომობილების მფლობელებმა ბათუმის ბულვარში კარვები გაშალეს და შიმშილობა დაიწყეს
ელექტრომობილების მფლობელებმა ბათუმის ბულვარში კარვები გაშალეს და შიმშილობა დაიწყეს

ელექტრომობილების მფლობელებმა ბათუმის ბულვარში კარვები გაშალეს და პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყეს. აქციის მონაწილეები პირველი მაისიდან ბულვარის ტერიტორიაზე ელექტრომობილებით გადაადგილების აკრძალვის გაუქმებას მოითხოვენ.

„მზად ვართ, დავემორჩილოთ რეგულაციებს და ელექტრომობილების რაოდენობაც შევამციროთ. თუმცა ვითხოვთ წელს მაინც მოგვცენ მუშაობის უფლება. ყველას ბანკის ვალები გვაქვს და სეზონი ვალების გასტუმრებაში დაგვეხმარება. გვთავაზობენ ტერიტორიას ახალი ბულვარის გაგრძელებაზე, თუმცა იქ ტურისტები არ არიან“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია დათმობაზე წასვლას არ აპირებს და მოუწოდებს ელექტრომობილების მფლობელებს, ალტერნატიულ წინადადებას დასთანხმდნენ.

„ტერიტორიას ვთავაზობთ აეროპორტის მიმდებარედ, რეკრეაციულ ზონებში აკრძალვის გადახედვას არ ვაპირებთ. არ შეიძლება დათმობა ტურისტების დაზიანებების ხარჯზე, რაც ძალიან ხშირია“, – განაცხადა ბათუმის ბულვარის დირექტორმა ირაკლი ჯინჭარაძემ.

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ ელექტრომობილების აკრძალვის თხოვნით საკრებულოს მიმართა. ბათუმის საკრებულომ პირველი მაისიდან ახალი რეგულაცია დააწესა. ბულვარის ადმინისტრაციამ მიზეზად ბულვარის ტერიტორიაზე ფეხით მოსიარულეთა დაშავების გახშირებული შემთხვევები დაასახელა, რის გამოც გასულ წელს 60-ზე მეტი საქმე აღიძრა. გასული ორი დღის განმავლობაში ბულვარში ელექტრომობილების მიზეზით კიდევ სამი ტურისტი დაშავდა.