ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის გამო, სახელმწიფო რამდენიმე მოქალაქეს საკუთრებას ჩამოართმევს
ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის გამო, სახელმწიფო რამდენიმე მოქალაქეს საკუთრებას ჩამოართმევს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის ბრძანებთ, რამდენიმე პირს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ჩამოერთმევა. ამის მიზეზი  ქსანი-სტეფანწმინდის ახალი 500 კვ. ელექტროგადამცემი და ახალციხე – ბათუმის 220 კვ. ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობაა.

სამშენებლო პროექტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე გადის, რომლებიც დუშეთის რაიონის სოფელ ჩოლაბაურში და ადიგენის რაიონში მდებარეობს.
სახელმწიფომ მესაკუთრეებს განსახლების გეგმით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ, ქონების ნებაყოფლობით გასხვისება შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით, აღნიშნულ პირებს მიწას იძულებით ჩამოართმევენ. ბრძანებას საფუძვლად აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება დაედო.

ქსანი-სტეფანწმინდის ახალი 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას” მიენიჭოს პროექტის ფარგლებში მოქცეულ შემდეგ უძრავ ქონებაზე ექსპროპრიაციის უფლება .“

„ ახალციხე – ბათუმის“ 220 კვ. ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიენიჭოს პროექტის ფარგლებში მოქცეულ შემდეგ უძრავ ქონებაზე ექსპროპრიაციის უფლება“ – ნათქვამია დიმიტრი ქუმსიშვილის ბრძანებაში.

უძრავი ქონების მესაკუთრეებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მინისტრის ბრძანების გასაჩივრებისთვის ერთთვიანი ვადა აქვთ.