ელექტროენერგიის ტარიფთან დაკავშირებით მსჯელობას სემეკ-ი დღეს დაიწყებს
ელექტროენერგიის ტარიფთან დაკავშირებით მსჯელობას სემეკ-ი დღეს დაიწყებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნული კომისიაში ელექტროენერგიის ტარიფთან დაკავშირებით მსჯელობა დღეს ჰიდროელექტროსადგურებისთვის ტარიფის განსაზღვრით დაიწყება. სემეკ-ის თავმჯდომარის, ირინა მილორავას განმარტებით, განხილვა თვის ბოლომდე გაგრძელდება.

დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ – შპს „ვარდნილჰესების კასკადის“, შპს „ენგურჰესის“ ელექტროენერგიის წარმოების 2018-2020 წლების ტარიფებს; ასევე, შპს „ენერგოტრანსის“, სს „საქრუსენერგოს“ ელექტროენერგიის გადაცემის 2018-2020 წლების ტარიფებს.

სამომხმარებლო ტარიფის დასაანგარიშებლად, სემეკ-ში ორი კვირის განმავლობაში რამდენიმე კომპონენტზე იმსჯელებენ.

„ელექტროენერგიის ტარიფთან დაკავშირებით ჩვენ უკვე ვიწყებთ განხილვებს. მომდევნო კვირასაც გაგრძელდება განხილვები ცხრა ჰიდროელექტროსადგურთან, თბოელექტროსადგურებთან, ასევე ქსელურ კომპანიებთან დაკავშირებით და პრაქტიკულად ჩვენ უკვე თვის ბოლოსთვის გვექნება სურათი სამომხმარებლო ტარიფთან დაკავშირებით“, – განმარტა ირინა მილორავამ.

წყლის ტარიფი შედგება რამდენიმე კომპონენტისგან, ესენია – ინვესტიცია, მიწოდება და საოპერაციო ხარჯები. რაც შეეხება დენის ტარიფს, ის ინვესტიციების, წარმოების, განაწილებისა და გადაცემის კომპონენტებისგან შედგება.

სწორედ ამ კომპონენტების განხილვის შემდეგ გაირკვევა, თუ როგორ შეიცვლება თვის ბოლოს სამომხმარებლო ტარიფი.

კომისიაში საჯარო სხდომა დღეს, 13:00 საათზე დაიწყება.