ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე მონაწილეთა რაოდენობა სავარაუდოდ, გაიზრდება
ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე მონაწილეთა რაოდენობა სავარაუდოდ, გაიზრდება

ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე მონაწილეთა რაოდენობა სავარაუდოდ, გაიზრდება. ამ მიზანს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებები ემსახურება. კანონპროექტის ინიციატორი დეპუტატი რევაზ არველაძეა.

მოქმედი კანონი ითვალისწინებს საბითუმო ბაზარზე სავალდებულო რეგისტრაციას იმ კომპანიებისთვის, რომელთა საშუალო თვიური მოხმარება 15 მილიონ კილოვატ/საათს აღემატება.

ელექტროენერგიის ბალანსის მიხედვით, პირდაპირ მომხმარებლებს შორის წელს არიან „ჯორჯიან მანგანეზი“, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ და კრიპტოვალუტის მწარმოებლები – შპს „ჯეო სერვერს“ და შპს „ბი ეფ დი სი“.

კანონპროექტის მიხედვით, ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლის ახალ კრიტერიუმებს 2018 წლის 31 დეკემბრამდე საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს, 2019 წლის 31 იანვრამდე კი უზრუნველყოფს კანონქვემდებარე აქტების კანონთან შესაბამისობაში მოყვანას.

სხვა კომპანიებს, რომლებიც ახალი კრიტერიუმების მიღმა დარჩებიან, თავისუფალი არჩევანი შეუნარჩუნდებათ, მათ ასევე საცალო მომხმარებლად რეგისტრაცია შეეძლებათ.

ინიციატივის შედეგად, ბაზარზე მომხმარებელთა ნაწილი თავისუფალ საბაზრო ურთიერთობებზე გადავა. შედეგად, მსხვილი კომპანიების ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა სავარაუდოდ, მოსახლეობის სამომხმარებლო ტარიფზე გავლენას აღარ მოახდენს.